Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო 5 თებერვალს, 13:00 საათზე, გერმანიას ''ავჭალის სტადიონზე'' მასპინძლობს.

ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას და მთლიანად რაგბი ევროპის ჩემპიონატს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ. შალვა მამუკაშვილმა, რომელსაც რაგბი ევროპა 11-ჯერ აქვს მოგებული, განაცხადა, რომ აქცენტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე კეთდება. მედიასთან კომენტარი თორნიკე ჯალაღონიამაც გააკეთა, რომელიც PRO D2-ში შესანიშნავ ფორმაში იყო.

შალვა მამუკაშვილი: რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ.

შარშან ისეთი შედეგები გვქონდა, არ გვაქვს უფლება თამასა დაბლა დავწიოთ. ამას არც ქომაგი გვაპატიებს და არც ჩვენ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული“.

თორნიკე ჯალაღონია: ვემზადებით წლის პირველი, საშინაო თამაშისთვის და დატვირთული კვირა გვაქვს. გერმანია ჩემპიონატზე წელს დაბრუნდა და ფავორიტებად ვითვლებით, თუმცა მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და ვეცდებით გულშემატკივარს მაქსიმალურად სანახაობრივი, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას მე-14-ედ ეცდება. ქართველ მორაგბეებს ნახევარფინალამდე მარტივი გზა აქვთ, რის შემდეგაც რთული მატჩები ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები