Thumbnail

სერია A-მ იანვრის საუკეთესო გოლი დაასახელა - 29 იანვარს "ესტადიო დიეგო მარადონაზე" მე-16 წუთზე კომბინაცია ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, მან ბურთი მარიო რუისთან გაითამაშა, პორტუგალიელისგან პასი მიიღო თუ არა, 21 წლის ქართველმა გარემარბმა მარცხნიდან ჩააწოდა - ბურთი ვიკტორ ოსიმენმა საოცრად მიიღო, დაამუშავა და დაუშვებლად კარში დაარტყა - 1:0. სწორედ ეს გოლი გახდა იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო გოლი...

წაიკითხე | იტალიაში საუკეთესო, ევროპაში მეორე - კვარაცხელიას და ოსიმენის ტანდემის მიღწევა

კვარაცხელია-ოსიმენის კომბინაციამ Lega Serie A-ს სოციალურ ქსელებში ფანების ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. "ბურთის ფანტასტიკურ კონტროლს, დიდებული დარტყმა მოჰყვა", - წერს სერია A-ს ოფიციალური საიტი. ოსიმენის გოლმა აჯობა ოკერეკეს გოლს ინტერის კარში, ედერსონის გოლს სალერნიტანას კარში და კაპრარის გოლს სასუოლოს კარში. 

ხვიჩასთვის ეს ჩემპიონატში მე-8 საგოლე პასი იყო (ლიდერ მილინკოვიჩ-სავიჩს დაეწია), ხოლო ნიგერიელი ფორვარდისთვის ეს მე-14 გოლი იყო და ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია (2 გოლით უსწრებს თანამემამულე ლუკმანს). ხვიჩას 8 საგოლე პასიდან 5 ვიკტორ ოსიმენზე მოდის, რაც სერია A-ს საუკეთესო შედეგია (ასევე 5 გოლი გაიტანა ჩირო იმობილემ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის პასებით). 

შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა ნაპოლიმ რომასთან 2:1 მოიგო და 53 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს სერია A-ს. ლუჩანო სპალეტის გუნდს 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და 5 თებერვალს სპეციას სტუმრად ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები