Thumbnail
  • ალექსანდრე ბაკში 7:6, 6:1 ხუან კარლოს პრადო
  • ზურა ტყემალაძე 6:2, 6:1 რაულ გარსია

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს საპლეიოფო მატჩში ბოლივიასთან ორი გამარჯვებით დაიწყო - 2:0. მოგეხსენებათ, ნომინალური მასპინძელი საქართველოა, თუმცა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ თავი ვერ მოაბა ტურნირის სამშობლოში მასპინძლობას. ასე რომ, სამხრეთამერიკულ მეტოქეს გუნდი პოლონეთში დაუპირისპირდა. 

პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში ხუან კარლოს პრადო ანხელოს დაუპირისპირდა, რომელიც ბოლივიის ნაკრებში ერთადერთია, ვისაც ATP-ის მსოფლიო კლასიფიკაციაში გარკვეული პოზიცია უკავია (მე-8 ასეულშია). ქართველმა ჩოგბურთელმა საათ-ნახევარში მოიგო - 7:6, 6:1. დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა, რომლის ტაი ბრეიკი ბაკშიმ 7:1 მოიგო. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ზურა ტყემალაძე და რაულ გარსია დაუპირისპირდნენ. მატჩი კიდევ უფრო ნაკლებ დროს გაგრძელდა (საათი და 13 წუთი) და კვლავ ქართველის გამარჯვებით დასრულდა ორ სეტში - 6:2, 6:1. 

3 თებერვალს პოლონეთში წყვილების დაპირისპირებით განახლდება მატჩი, ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი აუგუსტინ კუელიარ ლორბერგს და სანტიაგო ნავაროს ეთამაშებიან. წყვილებში გამარჯვების შემთხვევაში დარჩენილი ბრძოლები ფორმალობაღა იქნება. მე-4 მატჩში ტყემალაძე პრადოს ხვდება, ხოლო ბაკში - გარსიას. 

შეგახსენებთ, რომ დავით კვერნაძის ნაკრებმა  2022 წელს ევროპული ზონის III ჯგუფში ძალიან წარმატებულად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ულცინში ოთხ მეტოქეს ისე სძლია, რომ 1 მატჩიც კი არ წაუგია და ერთი დონით მაღლა თამაშის უფლება მიიღო. როგორც მაშინ, არც ახლა არის გუნდში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს ბოლივიასაც -  2 მთავარი ჩოგბურთელი აკლია: უგო დელიენი (131-ე) და მურკელ დელიენი (309-ე).

კომენტარები

ბოლო ამბები