Thumbnail
  • ლიონელ მესიმ არგენტინულ Ole-ს ინტერვიუ მისცა
  • არგენტინელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა  

ლიონელ მესიმ არგენტინულ გამოცემა Ole-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი სხვადასხვა თემებზე საუბრობს, მათ შორის განვლილ მუნდიალსა და კილიან მბაპესთან ურთიერთობაზე.

კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მესის არგენტინამ კილიან მბაპეს საფრანგეთს მოუგო. არგენტინელი და ფრანგი პარი სენ-ჟერმენში თანაგუნდელები არიან და მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, მათ ისევ ერთად თამაში უწევთ. ლეომ განაცხადა, რომ მბაპესთან არანაირი პრობლემა არ აქვს და იცის, რას განიცდის ის.

მესიმ კარგად იცის, რას ნიშნავს მუნდიალის ფინალის წაგება

"სიმართლე ისაა, რომ კილიან მბაპესთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან ამაზე საუბარი არ მსურდა, რადგან თავადაც ვიცი, როგორი გრძნობაა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წაგება (2014 წელს, გერმანიასთან), მაგრამ შემდეგ ჩვენ ფინალზე და არგენტინაში გამართულ ზეიმზე ცოტა ვილაპარაკეთ", - თქვა მესიმ.

მესისთვის მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაშის შემდეგ ყველა ის ნივთი შეინახა, რომელიც ამ დაპირისპირებასთან იყო კავშირში. მესი გეგმავს, რომ ეს ნივთები უახლოეს მომავალში ბარსელონაში ჩაიტანოს.

"ყველაფერი შევინახე: ბუცები, მაისურები, კეპი. მარტში ამ ნივთებს ბარსელონაში წავიღებ - იქ, სადაც ჩემი კარიერის სხვა სამახსოვრო ნივთებია. როდესაც კარიერას დავასრულებ, ბარსელონაში საცხოვრებლად დავბრუნდები, რადგან ის ჩემი სახლია", - ამბობს ლეო.

კოლო მუანის გაფუჭებული მომენტი მუნდიალის ფინალში

არგენტინელმა იმ მომენტზეც ისაუბრა, როდესაც "ალბისელესტე" მუნდიალის ფინალის წაგებასთან ძალიან ახლოს იყო. მაშინ, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მეორე დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე კოლო მუანი ემილიანო მარტინესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა არგენტინელთა კიპერმა ფრანგის დარტყმის მოგერიება შეძლო და სამხრეთამერიკელები წაგებას გადაარჩინა. 

"ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ მოედანზე ყოფნისას ვერც კი გავაანალიზე. თანაც, იმ მომენტის შემდეგ ეგრევე კონტრშეტევა დავიწყეთ და წინა ეპიზოდზე ფიქრის დრო არ მქონდა, მაგრამ როდესაც მომენტი ტელევიზორში ვნახე, ძალიან განვიცადე", - დაამატა მესიმ.

35 წლის შემტევმა 2026 წლის მუნდიალზე თამაშის შანსებზეც ისაუბრა. ჯერჯერობით ზუსტად არ უთქვამს ითამაშებს თუ არა მომდევნო მსოფლიოზე, თუმცა განაცხადა, რომ იქამდე დიდი დროა.  

“ჩემი ასაკიდან გამომდინარე, 2026 წლის მუნდიალზე თამაში რთული იქნება. მიყვარს ფეხბურთის თამაში. ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და ეს მსიამოვნებს. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დიდი დროა, მაგრამ ვითამაშებ თუ არა ეს იმაზეა დამოკიდებულია, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა”, - განაცხადა მესიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები