Thumbnail

ისტორიული ამბავი: ფორდი ფორმულა 1-ში ბრუნდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინფორმაცია იტალიელებმა შემთხვევით გაავრცელეს
  • ფორდი იძულებული გახდა, ნაადრევად დაედასტურებინა
  • ფორდის რედ ბულთან თანამშრომლობა გადაწყვეტილია

2026 წელს, 20 წელიწადზე მეტის შემდეგ, ამერიკული ავტომწარმოებელი ფორდი ფორმულა 1-ში ბრუნდება!

ეს ინფორმაცია ჯერ არ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ იტალიელების შეცდომის გამო მხარეები იძულებულები გახდნენ, ვადაზე ადრე დაედასტურებინათ. ფორდი ფორმულა 1-ში 2026 წლიდან დაბრუნდება. წესით, ეს ამბავი რედ ბულის პრეზენტაციაზე, ნიუ იორკში, პარასკევს საღამოს უნდა გამხდარიყო ცნობილი.

ამ ისტორიული ამბის ნაადრევი გავრცელება იტალიური საინფორმაციო სააგენტოს ბრალია. როგორც წესი, საინფორმაციო სააგენტოები ასეთ სიახლეებს ორგანიზატორებისგან წინასწარ იღებენ, ოღონდ მითითებით, რომ გარკვეულ დრომდე არ გამოაქვეყნონ. იტალიურმა სააგენტომ კი შეცდომით ნაადრევად გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ყველა იძულებული გახდა, ამბავი დაედასტურებინათ. ცნობილი გახდა ისიც, რომ ფორდი რედ ბულთან ითანამშრომლებს.

“ფორმულა 1-ში დაბრუნებით ჩვენი მარკის ისტორიაში ახალი, თავგადასავლებით აღსავსე თავი იწყება.” - ვკითხულობთ ფორდის ბოსის, ბილ ფორდის განცხადებაში. ამერიკულ ავტომწარმოებელს ავტოსპორტის ელიტაში დაბრუნება FIA-ს პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ სულაიემმა და ფორმულა 1-ის შეფმა სტეფანო დომენიკალიმაც მიულოცეს.

ამრიგად, ფორდი F1-ის ნაწილი 2026 წლიდან გახდება. როგორც იცით, ფორდი ფორმულა 1-ში განსაკუთრებით 60-იან და 70-იან წლებში დომინირებდა.

აშშ-ში ახლა ფორმულა 1-ის ბუმია. მომავალ სეზონში ერთბაშად სამი ამერიკული გრანპრი გველოდება: მაიამის, ოსტინის და ლას ვეგასის. ამასობაში, ლეგენდარულ ამერიკელ მრბოლელ მაიკლ ანდრეტის ფორმულა 1-ში General Motors-ის (კადილაკით) დაბრუნებაც სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები