- საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან მატჩამდე კაპიტნის ვარჯიში გამართა
- მედიასთან კომენტარები ლევან მაისაშვილმა და ვასილ ლობჟანიძემ გააკეთეს
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 თებერვალს დაიწყება, ხოლო საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირში 5 თებერვალს ჩაერთვება და გერმანიას შეხვდება. ''ბორჯღალოსნები'' ტურნირის მე-14-ედ მოგებას შეეცდებიან. მათი მთავარი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, ხოლო მედიასთან ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ლობჟანიძემ ისაუბრეს.
ლევან მაისაშვილი: წლის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული რაზე დავაშენებთ ჩვენს შემდგომ მოქმედებებს. ტრავმებიდან გამომდინარე გვაქვს დანაკლისი. გარდა ამისა, შემადგენლობაში არის როტაცია. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ჩვენი სურვილია, რომ ეს მოთამაშეები საქმეში ვნახოთ და ჩავატაროთ პატარ-პატარა ექსპერიმენტები. ვფიქრობ, შეხვედრას კარგად მომზადებულები ვხვდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს კარგ თამაშს ვაჩვენებთ.
როდესაც ესა თუ ის მოთამაშე სანაკრებო სივრცეში შემოდის, იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე მიიღებს თამაშის შანსს. ახალი ბიჭები ჩვენთვის კარგად არიან ნაცნობი, დიდი ხანია ჩართულნი არიან საწვრთნელ პროცესში, უბრალოდ, მათი თამაშის შესაძლებლობა აქამდე არ მოგვეცა. მათგან ორი ‘შავ ლომში’ თამაშობს, კარგად იცნობენ გუნდის სათამაშო სისტემას, მაღალ დონეზე აქვთ სარაგბო უნარები და ერთადერთი სანაკრებო თამაშების გამოცდილება ჭირდებათ.
ვასილ ლობჟანიძე: გერმანია ალაფიდან დაწინაურდა და შეეცდება დაამტკიცოს რა შეუძლია. ჩვენ გასული წელი მაღალ ნოტზე დავასრულეთ და ვიმედოვნებ ახალი წლის დასაწყისიც კარგი გვექნება. მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ლამაზი, ლაღი თამაშის მოლოდინი გვაქვს.
''ბორჯღალოსნებისა'' და გერმანიის ნაკრების მატჩი ''ავჭალის სარაგბო სტადიონზე'' 13:00-საათზე დაიწყება. ლაშა მალაღურაძე ამ მატჩში ცენტურიონი გახდება, ხოლო ოთარ ლაშხს, თენგიზ ზამთარაძესა და სერგო აბრამიშვილის ნაკრებში დებიუტი ექნებათ.
კომენტარები