- ქართველი ჩოგბურთელი Open Sud de France-ს ძირითად ბადეში ითამაშებს
- ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ რაუნდში ფრანგ კონსტანტ ლესტიენს შეხვდება
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება და მომდევნო კვირაში მონპელიეს საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდი 630 705 ევროა.
ბასილაშვილი დაბალი რეიტინგის (ამჟამად მსოფლიოს 87-ე ჩოგანია) მიუხედავად ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც მისი პირველი მეტოქე ასევე 30 წლის ფრანგი კონსტანტ ლესტიენი იქნება. ეს უკანასკნელი რეიტინგში 52-ეა და 2015 წელს მერსინის (თურქეთი) ტურნირზე ნიკასთვის 6:3, 6:3 აქვს მოგებული, 2016-ში კი, მეცში (საფრანგეთი) კორტზე გასვლა ტრავმის გამო ვერ მოახერხა და საქართველოს პირველ ჩოგანს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.
თუკი ბასილაშვილმა Open Sud de France-ზე საწყისი რაუნდი დასძლია, მისი მომდევნო მეტოქე მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკსა და ფრანგ გრეგუარ ბარერეს შორის უმჯობესი იქნება.
შარშან ქართველი ჩოგბურთელი მონპელიეში მე-4 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, პირველივე შეხვედრა წააგო ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ დამირ ძუმჰურთან – 1:6, 7:5, 2:6.
ამჯერად, ფრანგულ ტურნირზე პირველი რეიტინგი დანიელ ჰოლგერ რუნეს გააჩნია, შემდეგ კი, იტალიელი იანიკ სინერი, ხორვატი ბორნა ჩორიჩი და ესპანელები რობერტო ბაუტისტა აგუტი და ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა მოდიან.
კომენტარები