Thumbnail

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში იპონით სძლია თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკს იგივე ვანო რევაზიშვილს, მანამდე კი, გზიდან იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი ჩამოიცილა. ფინალში ტატოს მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იქნება.

ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს ლუკა მაისურაძეს (90 კგ.), რომელმაც ნახევარფინალში ლამის 11 წუთის თავზე ვაზარიზე დასცა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი, თუმცა, გდება აკრძალულ ილეთად შეუფასეს (ტატამიზე თავით დაეცა) და მარცხი ჩაეთვალა.

ლუკამ მანამდე ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის კი ჩეხ დავიდ კლამერტს შეხვდება. ამავე წონაში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ამბუსთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ლუკა მაისურაძე დრამატულ ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველ ძიუდოისტებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ მძიმე წონებში. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე შეხვედრის ბოლო წამებზე დამარცხდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევთან, ხოლო გიორგი ბერიაშვილი კუბელი ლიესტერ კარდონასა და ყაზახი ნურლიხან შარხანის გავლის შემდეგ, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს ვერ გაუმკლავდა.

მძიმე წონაში (+100 კგ.) პირველი განთესვის მქონე გურამ თუშიშვილმა იაპონელ ჰიოგა ოტასთან იპონით წააგო და ასევე სასტარტო ორთაბრძოლა დათმო (“გოლდენ სქორში”) საბა ინანეიშვილმა. მისი მოწინააღმდეგე უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იყო.

პარიზის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი სილკ უნივერსალი გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთადერთი მედალია. გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები