Thumbnail

შარშან რობერტ ლევანდოვსკი, წელს მანუელ ნოიერი…

მეორე წელია, მიუნხენის ბაიერნს ასეთი მასშტაბის სკანდალები აქვს. პოლონელის შემდეგ, რომელმაც საბოლოოდ რეკორდმაისტერი დატოვა და ბარსელონაში გადავიდა, სკანდალური ამბები ახლა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა დაატრიალა. ხელმძღვანელებს და მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ისე შეუტია, მეოთხე დღეა მთელი საფეხბურთო გერმანია თითქმის მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს.

არადა, ლევანდოვსკი და ნოიერი ზუსტად ის ხალხია, ვინც ბოლო წლებში ბაიერნში ამინდს ქმნიდა. ლევანდოვსკის და ნოიერს ბაიერნში საუკეთესოები ეთქმოდათ და გუნდის ლიდერები იყვნენ. ზუსტად ისე, როგორც ეს პოლონელი გოლეადორის შემთხვევაში იყო, ახლა კაპიტან ნოიერსა და მწვრთნელი ნაგელსმანს შორისაც არაჯანსაღი ურთიერთობაა. და როგორც გერმანული “კიკერი” წერს, საკმაოდ დიდი ხანია, ასეა.

“კიკერი” იშვიათად ავრცელებს ასეთ ინფორმაციას და როცა ავრცელებს, მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება - ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ: ნაგელსმანსა და ნოიერს შორის ურთიერთობა იმის გამო გაფუჭდა, რომ მწვრთნელმა თავიდანვე იოზუა კიმიხთან კონტაქტს მიანიჭა უპირატესობა, ნოიერს კი მეტწილად აიგნორებდა.

ბაიერნის მეკარეების მწვრთნელის, ნოიერის მეგობრისა და მეჯვარის, ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება იმ დროს, როცა ნოიერი გუნდში არ არის, კიდევ ერთი მიზეზი გამოდგა საიმისოდ, რომ მანუს მწვრთნელისთვის შეეტია. თანაც, გაირკვა, რომ ტაპალოვიჩის გაგდების უკან სწორედ ნაგელსმანი იდგა. ორშაბათის ნომერში “კიკერი” წერს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ნაგელსმანსა და ნოიერს შორის ნორმალური, თუნდაც მხოლოდ საქმიანი ურთიერთობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.

“კიკერის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “ზუდდოიჩე ცაითუნგსა” და The Athletic-ში ნოიერის სკანდალური ინტერვიუები გამოქვეყნდა, ბაიერნის რამდენიმე ფეხბურთელმა კაპიტანს სოლიდარობა გამოუცხადა.

'ყველაფერზე დეტალურად დაველაპარაკებით' - კანი და სალიჰამიჯიჩი

ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა ნოიერი ხსენებული ინტერვიუების გამო მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ “მისი განცხადებები არ შეეფერება არც გუნდის კაპიტნის განცხადებებს და არც ბაიერნის ღირებულებებს შეესაბამება.” კანმა ისიც თქვა, რომ “ასეთი განცხადებების გაკეთება უმნიშვნელოვანესი მატჩების წინაც არ შეიძლება” და დასძინა, რომ “ნოიერს ყველაფერზე დეტალურად დაელაპარაკება.”

ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი

ნოიერი გააკრიტიკა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც: “რა თქმა უნდა, ცუდად მოიქცა. თუკი დავსჯით, ამის შესახებ ჯერ თვითონ მანუელ ნოიერი გაიგებს. როგორც ის საუბრობს ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლებით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე, ზუსტად ასე იმედგაცრუებულები ვართ ჩვენც მისი ინტერვიუების შემდეგ, რადგან მანუელმა პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენა. ამ ყველაფერზე ჩვენ მას გულახდილად და გონივრულად დაველაპარაკებით,” - აღნიშნა “ბრაცომ”.

მანუელ ნოიერის სკანდალური ინტერვიუდან ამონარიდები პარასკევს შემოგთავაზეთ. კაპიტანმა ბაიერნის ხელმძღვანელებს სასტიკად შეუტია იმის გამო, რომ ერთი კვირის წინ მეკარეების მწვრთნელი ტონი ტაპალოვიჩი გაათავისუფლეს. ეს უკანასკნელი ნოიერის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეა. “ეს ჩემთვის წაქცეულზე დარტყმა იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გული ამომაგლიჯეს,” - ნოიერმა ზუსტად ასეთი და სხვა ამგვარი სიტყვებით ილაპარაკა. მისი კომენტარები სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები