- თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
- ტაჰა აკგულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 40-მდე მოჭიდავე ნანგრევებშია
- დახმარებას ითხოვს თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვოლქან დემირელი
ლეგენდარულმა თურქმა მოჭიდავე ტაჰა აკგულმა განაცხადა, რომ შენობის ნანგრევებში 30-40-მდე მოჭიდავეა მოყოლილი და დახმარება ითხოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"კაჰრამანმარაშის საჭიდაო კლუბის შენობა დაინგრა და ნანგრევების ქვეშ ჩვენი 30-40 სპორტსმენია. გთხოვთ, წავიდეთ საჭიდაო კლუბში ჩვენი ძმების დასახმარებლად", - დაწერა თურქმა მოჭიდავემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, განმეორებითი მიწისძვრა კი 7.5 მაგნიტუდის იყო. განსაკუთრებით დაზიანდა გაზიანთეპი, სივასი, ჰატაი, მერსინი და სამსუნი. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, კვიპროსში, იორდანიაში, ისრაელში, ლიბანსა და ეგვიპტეშიც.
ამ დროისთვის თურქეთში დაახლოებით 1400 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი 5 ათასს აჭარბებს. მოსალოდნელია, რომ რაოდენობა გაიზრდება, რადგან სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ცნობილია, რომ ნანგრევებშია მოყოლილი ჰატაისპორის განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, რომელიც ადრე ჩელსისა და ნიუკასლში თამაშობდა. პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჰატაისპორის მთავარი მწვრთნელის და თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარის ვოლქან დემირელის ვიდეო, რომელიც ამბობს, რომ ჰატაიში უმძიმესი მდგომარეობაა და ვიდეოში ტირილსაც ვერ იკავებს. ქალაქი ჰატაი ანტაკიის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც თავის მხრივ სირიას ესაზღვრება.
ჰატაისპორში ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თამაშობს, რომელიც ბოლო ცნობებით თავს კარგად გრძნობს და საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც ანკარაგუჯუს ფეხბურთელ გიორგი ბერიძეს. აღსანიშნავია, რომ ბიძგები ქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.
კომენტარები