Thumbnail

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რეიტინგი განაახლა წლის პირველი მნიშვნელოვანი ტურნირის შემდეგ, რომელსაც გასულ უქმეებზე საფრანგეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 3 მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

პირველ რიგში, გრიგალაშვილზე უნდა ვთქვათ, რომელსაც კლასიფიკაციაში 9 046 ქულა მოუგროვდა და ეს, ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგია. ტატომ 81 კგ-ში უკვე საგრძნობლად გაუსწრო მის უმთავრეს კონკურენტს, ბელგიელ მატიას კასეს (7 575), შემდეგ კი, აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი (5 780), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 701) და თურქი ვედატ ალბაირაკი (3 995) მოდიან. ამავე წონაში 1 013 ქულით 43-ეა გიორგი შერაზადიშვილი.

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა

წონის ლიდერია შავდათუაშვილიც, რომლის აქტივშიც უკვე 6 935 ქულაა და ის აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს (5 996), მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირს (5 166), ბრაზილიელ დანიელ კარნინისა (4 345) და კანადელ არტურ მარგელიდონს (3 818) უსწრებს. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში 2 361 ქულა აქვს და მე-16 საფეხურზე იმყოფება გიორგი ტერაშვილი.

კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის სათავეშია, ილია სულამანიძე (100 კგ.) გახლავთ. ის პარიზში არ გამოსულა, თუმცა, 6 446 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, მისი უახლოესი კონკურენტები კი ნიდერლანდელი მიხაელ კორელი (5 893), აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი (5 096), კანადელი შადი ელნაჰასი (4 646) და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (4 416) არიან. ამავე წონაში ონისე სანებლიძე (3 080) მეცამეტეა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (2 641) – მეთხუთმეტე. საინტერესოა, რომ მათ შორის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი (2 941) იმყოფება. გიორგი ბერიაშვილი 1 415 ქულით 31-ეა.

ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონით კატეგორიას ლიდერობს

60 კგ-ის მოწინავე ათეულში 2 ქართველი ძიუდოსტი იმყოფება: გიორგი სარდალაშვილი (3 790) მეექვსეა, ხოლო თემურ ნოზაძე (2 983) – მეათე. ამას გარდა, ლუხუმ ჩხვიმიანს (2 461) მე-14 პოზიცია უკავია, ჯაბა პაპინაშვილი (1 246) კი 37-ეა. ამ წონაში ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: იუნგ ვეი იანგი (ტაივანი, 6 415), ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა, 4 702), ბალაბაი აღაიევი (აზერბაიჯანი, 4 657), რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 4 120), ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი, 3 979).

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი ვაჟა მარგველაშვილს (3 582) აქვს, რომელიც მეექვსეა და მოლდოველ დენის ვიერუს (7 305), იაპონელ ჰიფუმი აბეს (4 600), ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს (4 521), მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისა (4 414) და უკრაინელ ბოგდან იადოვს (3 740) ჩამორჩება. ამავე წონაში გიორგი თუთაშვილი (1 004) 46-ეა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი (915) – 48-ე.

ლუკა მაისურაძემ საფრანგეთში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

ერთადერთი წონა, სადაც ლიდერთა ათეულში ერთბაშად 3 ქართველი ძიუდოისტი გახლავთ, 90 კგ-ია: ლუკა მაისურაძე (5 300) 2 ადგილით დაწინაურდა და მხოლოდ უზბეკ დავლატ ბობონოვს (5 798) ჩამორჩება, ბექა ღვინიაშვილი (4 793) მეოთხეა, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (3 560) კი – მეცხრე. მოწინავე ხუთეულში არიან იაპონელი სანშირო მურაო (5 300) და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესიც (4 560).

მძიმე წონაში (+100 კგ.) 1 ადგილით დაქვეითდა და მესამეა გურამ თუშიშვილი (4 565). ის ჩამორჩება ტაჯიკ ტემურ რახიმოვსა (5 875) და უზბეკ ალიშერ იუსუპოვს (4 701), სამაგიეროდ, უსწრებს ნიდერლანდელ იურ სპიიკერსა (4 366) და კუბელ ენდი გრანდას (4 337). ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (2 972) მეცამეტეა, ხოლო საბა ინანეიშვილი (1 365) – 31-ე.

ქალთა რეიტინგში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) 4 952 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილს (+78 კგ.) მე-20 ადგილი უკავია.

IJF-ს რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს თელ ავივში დაგეგმილი გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც ისრაელის ქალაქი 16-18 თებერვალს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები