- იტალიური მედიის ცნობით, კვარაცხელია მომავალ სეზონშიც ნაპოლიში ითამაშებს
- კლუბის პრეზიდენტი არელიო დე ლაურენტისი ხვიჩას 100 მილიონადაც არ დათმობს
- გაორმაგებული ხელფასი - ნაპოლი კვარაცხელიას შენარჩუნებაზე ზრუნავს
ევროპის წამყვანი და შეძლებული კლუბების ინტერესების მიუხედავად, ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონსაც ნეაპოლში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 21 წლის ქართველი ვარსკვლავის გაყიდვა არაფრით სურს.
გასულ ზაფხულს, დინამო ბათუმისგან 10 მილიონ ევროდ შეძენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ნაპოლის მაისურით სერია A-ს 17 შეხვედრაში ითამაშა და 8 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა, რასაც 2 მოპოვებული პენალტიც დაუმატა. ნაპოლი 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა, ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი კი "გაფრინდა".

"მომდევნო სეზონში ის აუცილებლად ნაპოლიში ითამაშებს, თანხა კი, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი მას დათმობს, არ არსებობს", - წერს Tuttosport.
"შემთხვევით არ არის, რომ ევროპული გრანდები მისი შეძენით დაინტერესდნენ, მაგრამ ნაპოლიმ ფეხბურთელთან თავიდანვე გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი, ახლა კი მზადაა, ხელფასი გაუზარდოს, რათა სხვა კლუბების შემოტევებისგან დაიცვას.
Transkfermartk-ის თანახმად, კვარაცხელიას საბაზრო ფასი 60 მილიონი ევროა. შესაბამისად, თუკი ნაპოლი მის გაყიდვას დათანხმდება, დიდი მოგებას ნახავს, რადგან მასში 10 მილიონი აქვს გადახდილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაპოლის კვარაცხელიას ტრანსფერზე არაფრის გაგონება სურს, თუნდაც 100 მილიონი ევრო შესთავაზონ", - წერს Napolipiu.

"კვარაცხელიას შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მან ბევრი წამყვანი ევროპული კლუბი დააინტერესა, მაგრამ ნაპოლის სურს, რომ დინამო ბათუმის ყოფილი ფეხბურთელი, სულ ცოტა, რამდენიმე სეზონით მაინც შეინარჩუნოს. კვარაცხელია ამჟამად მილიონ 200 ათას ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ სეზონის ბოლოს კონტრაქტის გახანაგრძლივება იგეგმება. პრეზიდენტი დე ლაურენტისი უკვე დაპირდა ხელფასის გაზრდას, რითაც სატრანსფერო ჭორებს ბოლოს მოუღებს და მის მსურველებს მესიჯს გაუგზავნის", - წერს თავის მხრივ გაზეთი La Repubblica.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანის ინტერს 13 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები მომდევნო ტურის შეხვედრას 12 თებერვალს, შინ ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან ჩაატარებენ.
კომენტარები