Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელების წინსვლა ბოლივიასთან გამარჯვებამ განაპირობა
  • ნაკრები 11 ადგილით დაწინაურდა, დისკვალიფიცირებულმა რუსებმა კი 48 პოზიცია დაკარგეს

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა სოლიდური წინსვლა განიცადა დევისის თასის განახლებულ რეიტინგში. ქართველი ჩოგბურთელები 11 ადგილით დაწინაურდნენ და 205.25 ქულით მსოფლიოში 62-ე პოზიციაზე დამკვიდრდნენ, ევროპაში კი, ეს, 36-ე შედეგია.

საინტერესოა, რომ განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს უკან აღმოჩნდა რუსეთის ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გამოდის. რუსებმა რეიტინგში ერთბაშად 48 ადგილი დაკარგეს და 199.88 ქულით მხოლოდ 64-ე საფეხურზე არიან.

ალექსანდრე ბაკშიმ და ალექსანდრე მეტრეველმა ბოლივიელებთან წყვილთა მატჩი მოიგეს
📷 | საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრების წინსვლა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის საპლეიოფო მატჩში ბოლივიასთან გამარჯვებამ განაპირობა. დავით კვერნაძის კაპიტნობით მოთამაშე ქართველმა ჩოგბურთელებმა (ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი, საბა ფურცელაძე) სამხრეთამერიკელებს 4:0 სძლიეს და მსოფლიო ჯგუფი I-სკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

არსებული ინფორმაციით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 9 თებერვალს ჩაატარებს წილისყრას და გაირკვევა, ვის დაუპირისპირდება საქართველოს ვაჟთა ნაკრები კიდევ ერთ საპლეიოფო შეხვედრაში.

დევისის თასის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: 1.კანადა – 492.38, 2. ესპანეთი – 449.75, 3. ავსტრალია – 432, 4. ხორვატია – 422, 5. გერმანია – 402, 6. იტალია – 401.63, 7. დიდი ბრიტანეთი – 388.5, 8. სერბეთი – 385.38, 9. ნიდერლანდები – 379.44, 10. აშშ – 367.5.

კომენტარები

ბოლო ამბები