Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელებში ლიდერობს
  • კვარას 9 ასისტიდან 6 ოსიმენმა დააგვირგვინა
  • ოსიმენმა ქართველის პასით 6 გოლი გაიტანა
  • TOP 5 ლიგების საუკეთესოებში ხვიჩა მე-9 ადგილზეა

ბოლო დროს ყველა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიკტორ ოსიმენის ფანტასტიკურ ტანდემზე წერს. ამ ორ ფეხბურთელს უდიდესი როლი აქვს შესრულებული იმაში, რომ ნაპოლიმ ბოლო 17 ტურიდან 16-ში მოიგო, ახლა სერია A-ს ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, "სკუდეტოს" მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს. 

ხვიჩას 9 ასისტიდან 6 ვიკტორის გოლებზე მოდის

სპეციასთან 3:0 მოგებულ მატჩში ნათლად ვიხილეთ ამ ტანდემის ძალა - 73-ე წუთზე ხვიჩამ ნიგერიელ ფორვარდს ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა. WhoScored-ის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოსიმენი იყო - 9.1 (ათიდან). ხვიჩას შეფასებაც ძალიან მაღალი იყო (8.53). კვარას ოთხიდან 2 დარტყმა ზუსტი იყო; გააკეთა 2 მნიშვნელოვანი პასი; ბურთს 60-ჯერ შეეხო და 35 პასი ჰქონდა; ორჯერ დრიბლინგით გაცდა მეტოქეს; ერთხელ ზუსტად ჩააწოდა საჯარიმოში და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ. 

ოსიმენმა ხვიჩასთან ჩამორჩენა შეამცირა

სპეციასთან ოსიმენმა დუბლი შეასრულა, კვარაცხელიამ გოლი + პასი

სერია A-ს საუკეთესო მოთამაშისთვის "რბოლაში" 21 წლის ქართველი ლეგიონერი კვლავ პირველია (საშუალო შეფასებით), თუმცა ოსიმენმა მასთან ჩამორჩენა შეამცირა. ამ შემთხვევაში, ნიგერიელი ხვიჩას კონკურენტად გვევლინება. ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა საგოლე პასების რაოდენობით - 9. მან სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს (ლაციო) გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 8 ასისტია. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.57
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.53
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.39
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.33
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.29

ამ ტურამდე კვარაცხელია ევროპის TOP 5 ლიგებში საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ათეულში არ იყო, თუმცა სპეციასთან შესანიშნავმა მატჩმა (გოლი პლუს პასი) ის მე-9 ადგილზე გადაიყვანა. ლიდერებში სიმჭიდროვე ისეთია, კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ხვიჩას ხუთეულს მიაახლოვებს, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, ათეულს დაატოვებინებს. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც სერიოზული ჰანდიკაპით ლიდერობს, ლიონელ მესია. მხოლოდ ლეოს აქვს საშუალო შეფასება 8 ქულაზე მეტი. ევროპულ ელიტაში ყველაზე მეტი საგოლე პასი კევინ დე ბრუინს აქვს - 11. 

ყველაზე მეტი ასისტი კევინ დე ბრუინს აქვს - 11

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.39
2. ნეიმარი (პსჟ) – 7.73
3. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71
4. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.69
5. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.68

6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.61
7. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.59
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.58
9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.57
10. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.56

ლეოს და კილიანს გაუტოლდნენ

დავუბრუნდეთ კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემს - ქართველი ფეხბურთელის 9 საგოლე პასიდან 6-ში ადრესატი ნიგერიელი ფორვარდი იყო, რაც ხვიჩასა და ვიკტორის დუეტს TOP 5 ლიგებში საუკეთესოს ხდის.

აქამდე ეს დუეტი იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილს იყოფდა ლაციოს ტანდემთან - მილინკოვიჩ-სავიჩის პასებით ჩირო იმობილემ 5 გოლი გაიტანა. სერია A-ში მესამეზეა პაულო დიბალასა და ტამი აბრაჰამის დუეტი - არგენტინელის პასებით ინგლისელს 4 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, პირიქითაც - აბრაჰამის პასებით დიბალამ 3 გაიტანა (ხვიჩასა და ვიკტორის შემთხვევაში დისბალანსია - ნიგერიელის პასით, ქართველმა მხოლოდ ერთხელ გაიტანა). 

ლეოს 10 პასიდან მპაბემ 6 გაიტანა, ნეიმარმა 4. ბოლო ტურში არცერთი იყო, ამიტომ მესიმ თავად გაიტანა

ევროპის ლიგების მასშტაბით ხვიჩა და ვიკტორი ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს დუეტს დაეწიენ. ფრანგმა ფორვარდმა ბოლო ტური ტრავმის გამო გამოტოვა. ასე რომ მესის პასებით მბაპეს კვლავ 6 გოლი აქვს გატანილი. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) - 5
ლიონელ მესი ➡ ნეიმარი (პსჟ) – 4
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 4
პაულო დიბალა ➡ ტამი აბრაჰამი (რომა) - 4
ჯეკ ჰარისონი ➡ როდრიგო (ლიდსი) - 4
რემი კაბელია ➡ ჯ. დევიდი (ლილი) - 4
დანგო უატარა ➡ ტერემ მოფი (ლორიანი) – 4
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 4

სხვათა შორის, სხვა ცნობილ ლიგებშიც (პორტუგალია, ნიდერლანდები, თურქეთი, ინგლისის ჩემპიონშიპი) მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როცა ერთი ფეხბურთელის პასებით მეორემ 6 გოლი გაიტანა. ბელგიაში, გენკის მაიკ ტრეზორის საგოლე პასებით ნიგერიელმა პოლ ონუაჩუმ ექვსჯერ გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები