Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა
  • ჩვენი ავტორის, გიორგი უგულავას ბლოგი King James-ის ფენომენზე

„Great moments are born from great opportunity - დიდი შესაძლებლობები დიდ მომენტებს წარმოშობს“ - ზუსტად მახსოვს ჩემი განწყობა და პოსტი სოციალურ ქსელში 2012 წლის 7 ივნისის გვიან საღამოს. მაიამი ბოსტონში კონფერენციის ფინალის მეექვსე მატჩს თამაშობდა. ლებრონ ჯეიმსის კარიერაში ასეთი მნიშვნელოვანი, ასეთი გარდამტეხი და წყალგამყოფი არაფერი ყოფილა. იქამდე იყო ლებრონი, ლიგის საუკეთესო ათლეტი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ათლეტური, მაგრამ მაინც ჩემპიონობის გარეშე და მენტალურად არამდგრადის, პირდაპირ თუ ვიტყვით, მხდალის და მშიშარას იმიჯით.

იქამდე ლებრონს ზედიზედ ორჯერ ჰქონდა წაგებული ისე, რომ ეს მისი პირადი მარცხი იყო. ჯერ იყო და, სელტიკსმა თავისი ვეტერანი გარნეტით და პირსით, თავისი კელტური სიჯიუტით, სიხისტით და მწყობრი დაცვით სული ამოხადა ლებრონსაც და მის კლივლენდსაც. არადა, კლივლენდი რეგულარულში დაფრინავდა, უკვე ლებრონის მეშვიდე სეზონი იყო NBA-ში და მისგან ყველა აუცილებელ ჩემპიონობას ელოდა. კონტრაქტი იწურებოდა და მეფის ოჰაიოში დარჩენა სწორედ იმ სეზონის შედეგებზე იყო დამოკიდებული. ბოსტონმა კლივლენდიც და ლებრონის კლივლენდური თავგადასავალი ისე დაამთავრა, როგორც ბევრი დიდი გუნდი დაუმთავრებია თავისი ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორიის მანძილზე - მშვიდად, კლასით, ცივსისხლიანად. პსჟ რომ ჩემპიონთა ლიგის მორიგ პლეი ოფს აგებს და „ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“ განწყობა გაქვს, ასე იყო მაშინაც.

ამის მერე იყო ლებრონის "Decision" - ანუ, მთელი ამერიკისთვის პირდაპირ ეთერში გამოცხადებული „მე ჩემი ტალანტი სამხრეთ სანაპიროზე მიმაქვს“. საქართველოში დიდი არაფერი - რა მოხდა მერე?! ადამიანი გამოვიდა და სპეციალურად მოწყობილ გადაცემაში თავისი კარიერის შემდეგ ნაბიჯზე გააკეთა კომენტარი. ამერიკულ რეალობაში ეს შოუ (Decision) თავხედობის, ქედმაღლობის, უგემოვნობის და კლასის არქონის სპექტაკლად იქცა.

ამერიკა ლებრონის წინააღმდეგ განეწყო. ამ განწყობას მხოლოდ აღრმავებდა ის ფაქტი, რომ NBA-ს მაშინდელ ისტორიაში ვარსკვლავური ტრიო (ლებრონი, უეიდი, ბოში) პირველად გაერთიანდა და საერთოდაც, სუპერვარსკვლავისგან თავისი გუნდიდან წასვლა და ბეჭდის მოგებისთვის უკეთესი პირობების ძიება ღალატად და სისუსტედ გამოიყურებოდა. ეს ახლაა ჩვეულებრივი ამბავი გუნდის შერჩევა და სუპერვარსკვლავების გაერთიანება. Decision-ის და მაიამიში წასვლის მომენტში, ეს ახალი და უცნაური ხილი იყო, რომელიც ბევრის თვალში ლებრონს ღირსებას ნამდვილად არ მატებდა.

დიდი სამეულის მაიამის წინააღმდეგ სიძულვილს ზრდიდა ლებრონის და ვარსკვლავური ტრიოს წარდგენის ვიდეო, რომელშიც ლებრონი ყველას ჰპირდებოდა, რომ ისინი იქ „არა ერთ, არა ორ, არა სამ, არა ოთხ, არა ხუთ, არა ექვს, არა შვიდ....“ ჩემპიონობას მოიგებდნენ.

ამ საქმიდან ის გამოვიდა, რომ ეს მაიამი დირკ ნოვიცკის დალასმა დაამარცხა - თანაც ისე, რომ ლებრონს სროლა და თამაში ეშინოდა. ეს გამტყდარი კაცი იყო. “choke” ქვია ჟარგონზე ამას, როცა პასუხისმგებლობის სიმძიმე გახრჩობს და გეშინია. არადა, რამდენიმე თვის წინ სულ მცირე შვიდ ჩემპიონობას რომ პირდებოდი, მერე ამ “choke”-ს არავინ გაპატიებს.

მაიამის სუპერტრიო: ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში, დუეინ უეიდი

მომდევნო წელს, მაიამი ბოსტონში რომ ჩავიდა, სერიას 2:3-ს აგებდა. სელტიკსმა ორი წაგებული მატჩის შემდეგ ზედიზედ სამი მოუგო და ისე ჩანდა, რომ ლებრონს კიდევ ერთხელ შეეშინდა - საზოგადო აღქმაში ის ჯორდანის და კობის კატეგორიიდან ვინს კარტერის და ტრეისი მაკგრეიდისკენ მოძრაობდა.

აი, ის დიდი მომენტიც მაშინ დადგა - 45 ქულა, ლებრონის მხეცური, არაამქვეყნიური დომინაცია. დომინაცია ყოველ წუთზე, პარკეტის ყოველ სანტიმეტრზე, დომინაცია ფიზიკურად, მენტალურად, ინტელექტუალურად. ჩემპიონი ლებრონი ამ თამაშში დაიბადა.

ეს ამბები დეტალურად იმიტომ მახსოვს, რომ როცა საკალათბურთო გულშემატკივრის არმია ორად გაიყო - ლებრონის მხარეს და მის წინააღმდეგ, მე მისი და მაიამის მხარეს ვიყავი. არ მინდოდა, ასეთი ნიჭის და მასშტაბის მოთამაშე წარუმატებლობასთან და მარცხთან ყოფილიყო დაკავშირებული. მისი და უეიდის ერთად ყურებაც უბრალოდ მიყვარდა. რეგულარულის 82 თამაშიდან დაახლოებით 80-ს რომ უყურებ, ასეთ გულშემატკივრობაზეა ლაპარაკი.

ჩემი საყვარელი ლებრონიც გაბრაზებული ლებრონია - კუთხეში მიყენებული ჰალკივით რომ გამოდის და პარკეტზე ყველას და ყველაფერს მიწასთან ასწორებს. არადა, ასეთი ლებრონი იშვიათია. მას არ აქვს ჯორდანის და კობისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანული მოწინააღმდეგის სიძულვილის, მისი მოკვლის, განადგურების სურვილი. პრინციპში ის სხვა თაობაა - სხვა თამაშზე და ფასეულობებზე გაზრდილი...

განადგურების რეჟიმში ლებრონი მაშინ შედის, როცა სასოწარკვეთილი და კუთხეში მიყენებულია. ის ყველაზე საინტერესო სანახავი სწორედ მაშინაა. დალასთან ფინალებში ეს ვერ შეძლო - დაიმალა. ბოსტონთან იმ ლეგენდარული მატჩის შემდეგ ეს ძალა თავის თავში იგრძნო და იპოვა. შემდეგ წელს კი სუპერფინალებში, სან ანტონიოსთან, მაიამი 2:3-ს მარცხდებოდა და სახლში, მეექვსე თამაშში, ბოლო მეოთხედის წინ, 10 ქულით აგებდა. ლებრონიც ცუდი იყო და მთელი მისი გუნდიც - იქით კავაი ლეონარდის და ტიმ დანკანის დაცვა და პოპოვიჩის სქემები.

ეპიკური მომენტია ლებრონის გამოსვლა მეოთხე მეოთხედში - თავზე "ჰედბენდს" კარგავს თუ აგდებს და ახალი ძალით, ახალი იდენტობით, ისევ იმ განადგურების რეჟიმში სპობს მოწინააღმდეგებს (ამის მერე იყო რეი ალენის ლეგენდარული სამქულიანი).

ერთ ეპიზოდამდე თუ დავიყვანთ, რა შეუძლია გაბრაზებულ ლებრონს - ეს იგუდალაზე მისი დაფარებაა. სასოწარკვეთილს შეუძლია, რაღაც არაადამიანური, არაამქვეყნიური, არაბუნებრივი ძალა და ათლეტიზმი აჩვენოს.

ასეთ ლებრონს ხშირად ვერ ნახავთ. ის იმდენად სრულყოფილია, რომ ბევრნაირად შეუძლია თამაში. ამიტომ არც სჭირდება. ის ერთადერთია NBA-ს სუპერვარსკვლავებს შორის, რომელსაც ხუთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. შეუძლია, ლიგის საუკეთესო გამთამაშებელიც იყოს და შეუჩერებელი მძიმე ფორვარდიც. ზოგადად, ის ანომალიაა - არ შეიძლება, ასეთი ჯანის, სიმაღლის, აღნაგობის და გაბარიტების მქონე ადამიანი ასეთი სწრაფი, მსუბუქი და მფრინავი იყოს. ნორმალური ადამიანი, არ შეიძლება, თან მძიმე და მასიური იყოს და თან მსუბუქი და სწრაფი. ლებრონი არის.

საუკეთესო ათეულშია ლიგის ისტორიაში ჩაჭრების რაოდენობითაც. პრინციპში, კალათბურთში არ არის კომპონენტი, რომელშიც ლებრონი ისტორიულად საუკეთესოთა შორის არ მოიხსენიება. პარკეტზე მართლა ყველაფერი შეუძლია.

არაფერს ვიტყვი მის თამაშის გაგებაზე, ინტელექტზე - თამაშს მისნაირად ვერავინ უძღვება. ისტორიაში საუკეთესო ჩამყრელია და პასების რაოდენობაშიც საუკეთესო ხუთეულშია. არ შეიძლება, ასეთი ძლიერი და ჯანიანი ხელის პატრონს, თან ბურთის ასეთი გრძნობა ჰქონდეს. ესეც ანომალიური კომბინაციაა.

'არ შეიძლება, ასეთი ჯანის, სიმაღლის, აღნაგობის და გაბარიტების მქონე ადამიანი ასეთი სწრაფი, მსუბუქი და მფრინავი იყოს.'

მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ თამაშს წამებით ადრე ხედავს. აბსოლუტურად არაადეკვატური ფოტომეხსიერება აქვს - ანუ, თამაშის მომენტები კადრებად ახსოვს. აი ისე, როგორც თქვენი კომპიუტერის ფოლდერებში თქვენი ფოტოებია - სრული სცენა, ყველა მოთამაშის განლაგებით, ყველა დეტალით. ასე ნორმალური ადამიანები არ აღიქვამენ. თქვენ აღიქვამთ დეტალებს და ფრაგმენტებს, ლებრონი მთელ სცენას, მთელს თამაშს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ლებრონ ჯეიმსის ამბიციის მქონე კაცისთვის მისი ლეგენდა თითქოს მაინც არასრულყოფილია. მისი ამბიცია, მისი მასშტაბი - ყველა დროის საუკეთესოთა შორის ყოფნა, საკალათბურთო "რაშმორის მთას" გულისხმობს. ლიგაში ის თავიდანვე ამ ამბიციით მოვიდა: კლივლენდში მისი პირველი წლების მწვრთნელი იხსენებდა, რომ როცა ჯერ კიდევ ახალწვეულს ზაფხულის პირველი დღეებში დაჰპირდა, რომ თუკი მას მოუსმენდა, ის ლებრონს დიდ მოთამაშედ აქცევდა, ლებრონმა უპასუხა: „დიდი მოთამაშე უკვე ვარ, მინდა, ყველა დროის საუკეთესოდ მაქციო.“

იმ დღეებშივე ყველას განუცხადა, რომ მისი მეტსახელი იყო „მეფე“. "არ შეიძლება, ახალწვეული მეფე იყო, მეფე ელვის პრესლია“ - მიიღო ასეთი პასუხი. ცოტა ხანი დაცინვით ელვისსაც ეძახდნენ, თუმცა მალევე გაარკვიეს, რომ ეს ბიჭი კალათბურთს მართლა მეფესავით თამაშობდა.

ლებრონი კარიერის დასაწყისში

ამიტომ, ამ მასშტაბის და ამბიციის მქონე კაცისთვის, მისი სრულყოფილება, ფოტომეხსიერება თუ სრული საკალათბურთო არსენალი მაინც მეორეხარისხოვანი ამბებია. უფრო რჩება ის, რომ ლებრონს მოგებაზე მეტი ფინალი წაუგია და მერე რა, რომ ამ ფინალებში უმეტესად მისი გუნდი აუტსაიდერი იყო. მაიკლ ჯორდანს წაუგებელი ლეგენდა აქვს და ამიტომ ამ ისტორიასთან თუნდაც შენი კლივლენდის სან ანტონიოსთან ლოგიკური მარცხი, ან გოლდენ სტეიტთან ჭიდაობა მაშინ, როცა ჯეი არ სმიტს ანგარიში ავიწყდება, მაინც თითქოს შავ ლაქად გამოიყურება.

ზოგადად, ლებრონი მაინც დაუფასებელია. არცერთ სუპერვარსკვლავს არ თხოვენ იმდენს, რამდენსაც მას. არავის აკრიტიკებენ მასავით. არავის ჰყავს ნამდვილი ჩასაფრებულების, დაბოღმილების, ე.წ. „ჰეითერების" ისეთი არმია, როგორც მას.

კევინ დურანტს, მის უცნაურ და უჟმურ კარიერას თითქმის არავინ ახსენებს, არც სტეფს წამოაძახებენ იგივე კლივლენდთან 3:1-დან წაგებულ ფინალს. ლებრონის მარცხი კი ყოველთვის ცოცხალია. ეს ლოგიკურიცაა - ყველაზე მეტად გულივერს ებრძვიან ხოლმე - სიდიდის და მასშტაბის ამბავია. თანაც "მეფე ჯეიმსზე" მართლა ვერ იტყვი, რომ ადამიანურად ყველაზე სახალისო და შთამაგონებელი პერსონაჟია.

ამიტომ, ჩემთვის ის გაბრაზებული ლებრონის დაბრუნებები - იგუდალაზე ბლოკი და ბოსტონთან თამაში - განსაკუთრებით ძვირად ფასობს. ლებრონს საჩემპიონო ისტორია აქვს მაიამიში, აქვს ისტორიაში პირველი ბეჭედი მშობლიური კლივლენდისთვის და ლეიკერსში ჩემპიონობის დაბრუნების ისტორია. სადაც იყო, ყველგან მოიგო. ამასთან ერთად, აქვს დიდი მომენტები - ზემოთ რომ გიყვებოდით, იმ ისტორიულ ეპიზოდებს ვგულისხმობ. ამის მიუხედავად, მისი რეკორდი ჯორდანის ლეგენდასთან შედარებით, სრულყოფილი მაინც არ არის. იმიტომ, რომ ჯორდანის ლეგენდა დაუმარცხებლობაზე, ექვსიდან ექვს მოგებულ ფინალზე დგას. ლებრონს წაუგებელი ისტორია უკვე ვეღარ ექნება - ფინალებში 6 წაგება აქვს.

'თუკი ჯორდანი იყო თრილერი დაუმარცხებელი გმირით, თუკი კობი ყოფილა დრამა ტრაგიკული ფინალით, ლებრონი სერიალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუყურებთ'

თუმცა! ამ ყველაფრის, თითქოს საკამათო პირადი ლეგენდის თუ ისტორიის მიუხედავად, ლებრონმა მაინც შეძლო საკალათბურთო ისტორიის სათავეში მოქცეულიყო. მაინც გააკეთა ის, რაც არავის გაუკეთებია. მან ამისთვის უბრალოდ სხვა გზა იპოვა - ლებრონის მთავარი იარაღი მისი სტაბილურობა, მისი მუდმივობა, მისი დროსთან არდათმობის უნარი გახდა. ლებრონი თითქოს სულ იყო და სულ იქნება. 20 წელია ლიგაშია. ზედიზედ 19 წელია სეზონში საშუალოდ 25-(და მეტ)ქულიანი მოთამაშეა. 20 წელია, ტრავმებს, ასაკს, თამაშის ცვლილებას, ახალ სტილს და წესებს ეგუება. ახალი თაობის ვარსკვლავებსაც - ყველას და ყველაფერს, რაც დროსთან, დროის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული, ეგუება და მხარს უბამს. ის დიადი იყო, როცა 2000-იანების დასაწყისში დეტროიტელ „ცუდ ბიჭებთან“ ჭიდაობდა და ის დიადია ახლაც, სამქულიანების და თამაშში 120 ქულის ლიგაში. სამქულიანებზე გამახსენდა და ეს თითქოს არცთუ ისე კარგად მსროლელი კაცი ყველა დროის საუკეთესო ათეულშია ჩაგდებული სამიანების მიხედვით. ისევ მის ანომალიურ ყოვლისმომცველობასთან თუ სრულყოფილებასთან მივდივართ.

მისი ძალა მუდმივობაშია. დღესაც ისე თამაშობს ვეტერანი არ ეთქმის - სტაბილურად 30-35 ქულა. თითქოს თამაშის სტილიც არ შეუცვლია მნიშვნელოვნად. ეს 38 390 ქულაც მუდმივობის, დროსთან ჭიდილის გამოძახილია. ჭიდილიც არასწორი ნათქვამია - დროს ის ებრძვის, ვინც გრძნობს, რომ ჩამორჩენას იწყებს და ცდილობს, თავისი ძალით და მონდომებით დროს ეს ჩამორჩენა მოუგოს. ლებრონი დროს არ ჩამორჩება, თითქოს მასთან ერთად მიდის. 


რა სჭირდება 38 390 ქულას? სტაბილურობა, ათწლეულები, მუდმივობა. სიმბოლური იყო, რომ ეს რეკორდი აქამდე კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა. კაცს, რომელმაც თითქმის სამი ათწლეული გააერთიანა და ლიგის ისტორიაში ყველაზე პროზაული, მაგრამ ყველაზე ეფექტური იარაღი ჰქონდა - კარიმის "სქაიჰუკი", სროლა, რომელსაც ვერ დააფარებ. სტაბილურობის ამბავია. 


ლებრონის ისტორია მასთან შედარებით უცნაური იმიტომაა, რომ აბდულ-ჯაბარი ცენტრი იყო - ის პოზიცია, რომელსაც სირბილი ყველაზე ნაკლებად სჭირდება, ანუ, ასაკი და სისწრაფის კლებაც გვიან გაწუხებს. ლებრონის აგებულების კაცს თითქოს ასაკის უნდა ეშინოდეს. მის პოზიციაზე 38 წლის ასაკში თამაში უფრო რთულია - მეტი მოძრაობა და დინამიკაა.

ლებრონის ძალა პროზის ძალაა - არა ეპოსის, რომანის, საგმირო ამბავის ან ლამაზი ლირიკის. არა, მძიმე, მასშტაბური და სრულყოფილად გამართული პროზის - აი, წიგნი, რომ იწყება და აღარ მთავრდება - მის ლაბირინთებში და ამბებში ცხოვრობ. თუკი ჯორდანი იყო თრილერი დაუმარცხებელი გმირით, თუკი კობი ყოფილა დრამა ტრაგიკული ფინალით, ლებრონი სერიალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუყურებთ.

ის კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის ავტორია. ყველას ზემოდან უყურებს. ეს უკვე ისტორიაა - მეფის პირადი ისტორია. თავისი გზა მწვერვალისკენ მან მაინც იპოვა.

მისი ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ დიდი ამბები, არნახული ისტორიები, სრულყოფილი თამაშის ზეიმი ლებრონმა ყოველდღიურობად, პროზად გვიქცია - ვეღარც ვამჩნევთ და ვერც ვხვდებით, რა გვაქვს და რას მოვესწარით...

კომენტარები

ბოლო ამბები