Thumbnail

8-თვიანი პაუზის შემდეგ - იბრამ მილანთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა
  • ვარაუდობენ, რომ 41 წლის შვედი ფორვარდი ტორინოსთან თამაშს შეძლებს

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც ტრავმის გამო გასული წლის მაისიდან მოყოლებული არ უთამაშია, გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. La Gazetta Dello Sport-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 41 წლის შვედი თავდამსხმელი "როსონერის" განაცხადშიც მოხვდება ტორინოსთან მომავალი მატჩისთვის.

ზლატანმა საერთო ჯგუფთან ერთად ჯერ კიდევ 4 თებერვალს, ინტერთან თამაშის წინ ივარჯიშია, თუმცა მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ დაიტვირთა, ამჯერად კი, როგორც ჩანს, წვრთნის პროცესი სრულფასოვნად გაიარა.

ცნობისთვის, მანამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩს გუნდთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობა რვა თვის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული და პრესაში გაჩნდა კიდეც ვარაუდი, რომ შვედი ვარსკვლავი კარიერის დასრულების შესახებ მალე გამოაცხადებდა.

მილანის ვეტერანმა თავდამსხმელმა გასული წლის მაისში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. ბოლოჯერ ფეხბურთელი მილანის სასტარტო შემადგენლობაში 2022 წლის 17 იანვარს გამოჩნდა.

ზლატანმა გასულ სეზონში მილანის ღირსება 27 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 8 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

იბრამ მილანში სკუდეტო ორჯერ მოიგო - 2010/11 და 2021/22 წლების სეზონებში

სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც მილანი ტორინოს უმასპინძლებს, 10 თებერვალს გაიმართება. სტეფანო პიოლის გაწვრთნილი გუნდი ამ შეხვედრას ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერიითა და ზედიზედ სამი წაგებით ხვდება. იტალიის მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები