Thumbnail

ესპანურ ვალენსიას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და მათი გადაჭრის ერთ-ერთი გზა გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა იქნება. როგორც Elgoldigital წერს, “ღამურებს” ქართველი მეკარის შემცვლელიც მოძებნილი ჰყავთ და ის კლუბის ლეგენდარული გოლკიპერის სანტიაგო კანისარესის (300-ზე მეტი მატჩი 11 წლის განმავლობაში) 20 წლის შვილია.

“ქართველი მეკარე – ერთ-ერთია იმ მცირე კარგი ამბებიდან, რაც კი, მიმდინარე სეზონში ვალენსიასთან დაკავშირებით გაგვიგია. ის საბოლოოდ დამკვიდრდა ლა ლიგის საუკეთესო გოლკიპერთა შორის, თუმცა, დიდი შანსია, “ღამურების” რიგებში დიდი დრო ვეღარც გაატაროს.

ვალენსიაში ნამდვილად რთული სიტუაციაა. ჯენარო გატუზოსთან ერთად, იმედისმომცემი სტარტის შემდეგ, სიტუაცია აირია და კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულითღა უსწრებს. ამ ყველაფერს რთული ფინანსური სიტუაცია ემატება, რის გამოც კლუბი ტრანსფერების განხორციელებას ვეღარ ახერხებს და იტალიელი მწვრთნელის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.

მას მერე, რაც ვალენსიაში პიტერ ლიმი მივიდა, პრობლემები არსად წასულა. სინგაპურელი ბიზნესმენის ხელში კლუბმა ფაქტობრივად ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა და როგორც სჩანს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც სჩანს, შემდეგი სწორედ მამარდაშვილი იქნება და მას კიდევ რამდენიმე მოთამაშე მიჰყვება.

გიორგი მამარდაშვილი და კარლო ანჩელოტი რეალისა და ვალენსიას მატჩის შემდეგ

ბოლო ცნობებით, ვალენსიაში ფინანსური სიტუაცია სულ უფრო უარესი ხდება და გაჩნდა ხმები, რომ საფრთხე უკვე ფეხბურთელების ხელფასებს ემუქრება. ამ ფონზე ერთადერთი გამოსავალი იმ ფეხბურთელების გაყიდვაა, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა არსებობს. 

უდავოა, რომ ამ დროისთვის “ღამურების” საუკეთესო აქტივი ქართველი მეკარეა, თუმცა, ყურადღებას იმსახურებენ უგო გილიამონი, ხოსე ლუის გაია და იუნუს მუსაც. ჩამოთვლილ ფეხბურთელებს არაერთი კლუბი აკვირდება და ნათელია, რომ მათი გასხვისების შემთხვევაში, კლუბი სერიოზულ შემოსავალს ნახავს.

თუკი კონკრეტულად მამარდაშვილის საკითხს განვიხილავთ, ამჟამად, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, მის სანაცვლოდ კი, კლუბი თანახმაა გაცილებით ნაკლები ღირებულების მეკარე მიიყვანოს. შემცვლელის ვინაობა უკვე სახელდება: ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერის სანტიაგო კანისარესის ვაჟი ლუკასი.

სანტი წლების განმავლობაში იცავდა “ღამურების” ღირსებას და მესტალიაზე დიდი სიყვარულით სარგებლობს, მისი შვილი კი მადრიდის რეალის სარეზერვო გუნდში ირიცხება, თუმცა, თამაში იქაც იშვიათად უწევს. ცხადია, რომ ვალენსიადან წინადადების მიღების შემთხვევაში, ლუკას კანისარესი შანსის გამოყენებაზე უარს არ იტყვის”.

ტიბო კურტუა და ლუკას კანისარესი რეალის ვარჯიშზე

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 24 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი 3-ჯერ მოახერხა. ვალენსია 20 ქულით მე-17 ადგილზე ანუ გასავარდნი ზონის ზღვარზეა, რომელსაც ერთადერთი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები