Thumbnail

ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - დომენიკო ტედესკოს ამოცანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების ახალი მწვრთნელის დანიშვნა გამოაცხადა
  • 37 წლის გერმანელი ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დომენიკო ტედესკო დაინიშნა. გერმანელი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა.

ტედესკოს "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე აქვს და მისი უპირველისი ამოცანაც გუნდის ამ ტურნირზე გაყვანა იქნება. ბელგიის ნაკრებს ევრო 2024-ის შესარჩევ F ჯგუფში მეტოქეებად: შვედეთი, ავსტრია, ესტონეთი და აზებაიჯანი ჰყავს, პირველ შეხვედრას კი 24 მარტს, შვედეთთან გამართავს.

მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თუკი გუნდი ევროზე წარმატებით იასპარეზებს, სპეციალისტს კონტრაქტს 2026 წლის მუნდიალამდე ავტომატურად გაუხანგრძლივებენ. 
 
აღსანიშნავია, რომ დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელია, ის მხოლოდ 37 წლისაა.

ბელგიის ნაკრები კატარის მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება გახდა 

იტალიაში დაბადებული ტედესკო, რომელიც შემდეგ გერმანიაში გაიზარდა, ბოლოს ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი მოსკოვის სპარტაკს, გელზენკირხენის შალკესა და აუე-ს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებში 2016-2022 წლებში რობერტო მარტინესი მუშაობდა, მაგრამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა. ვაკანტურ პოსტზე, ტედესკოს გარდა, განიხილებოდა გერმანელი იოახიმ ლიოვისა და პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები