Thumbnail

ნაპოლის შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური თამაში, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არც ესპანეთში რჩებათ. იქაურ მედიაში ადრეც დაიწერა, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ყურადღება ნეაპოლელთა შემტევებმა მიიქციეს - ხვიჩამ და მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა, ამჯერად კი Diariogol ირწმუნება, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ითხოვს, რომელიც კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია.

საიტი ხვიჩა კვარაცხელიას "სამეფო კლუბში" ტრანსფერის შესაძლებლობაზე წერს: 

"მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გადამწყვეტი, მეორე ნახევარი ჩასამთავრებელია, ბევრი კლუბი უკვე ფიქრობს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისა და მომავალი სეზონის დაგეგმვაზე.  ბუნებრივია, გამონაკლისი არც რეალია. კილიან მბაპეს და ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერები უკვე მიუღწეველი ჩანს და მადრიდის რეალსაც სხვა მიზნები აქვს. კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი, შეტევის ამ სეზონის უდიდესი სენსაციით - ხვიჩა კვარაცხელიათი გაძლიერებაა. 

ხვიჩას ანგარიშზე სერია A-ს 17 მატჩში 8 გოლი, 9 საგოლე პასი და მოპოვებული 2 პენალტია

ქართველი ფეხბურთელის ამბავი უბრალოდ თავბრუდამხვევია. გასული წლის ივლისში, ნაპოლიმ გულშემატკივრებისთვის აბსოლუტურად უცნობი ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ, დინამო ბათუმისგან შეიძინა, მაგრამ სულ მალე ყველა მიხვდა, რომ მათ ხელში თვითნაბადი ალმასი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში კვარაცხელიამ ნაპოლის უპირობო ლიდერად იქცა, გუნდი კი სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია.

ფეხბურთელის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მისი საბაზრო ფასიც. პორტალ Transfermarkt-ის თანახმად, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი უკვე 60 მილიონ ევროდ ფასდება. ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი დიდი გუნდების მწვრთნელებს გაუჩნდათ და კარლო ანჩელოტიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ახალგაზრდა გარემარბის ტალანტმა დააბრმავა. 

დააბრმავა იმდენად, რომ იტალიელი მწვრთნელმა ფლორენტინო პერესს სთხოვა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება იმ შემთხვევისთვის, თუკი რეალის გაწვრთნას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს.   

იტალიელმა სპეციალისტმა რეალს შარშან ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

მაგრამ, როგორც რეალისთვის, ისე სხვა კლუბებისთვის, აურელიო დე ლაურენტისის (ნაპოლის პრეზიდენტი) კარზე დაკაკუნება და ქართველის თხოვნა მარტივი არ იქნება. საქმე ისაა, რომ იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლის კლუბის ხელმძღვანელები არ აპირებენ, თავიანთ ვარსკვლავს, ჩამოყვანიდან ერთი წლის თავზე დაემშვიდობონ. შესაბამისად, ისინი მომავალ ზაფხულს უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე. 

მაგრამ გადამწყვეტი შესაძლოა თავად კვარაცხელიას სურვილი აღმოჩნდეს. ფეხბურთელი არასდროს მალავდა მადრიდის რეალით დაინტერესებას. ცოტა ხნის წინ ის თავად აღიარებდა, რომ "ბავშვობაში რეალის გულშემატკივარი" იყო. ეს ის არის, რაც ფლორენტინო პერესმა და კლუბის სხვა ხელძღვანელებმა თავიანთი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენონ, რათა საბოლოო ჯამში, ჩააცვან მას თეთრი მაისურა". 

ნაპოლის საშინაო მატჩებზე საქართველოს დროშა ფრიალებს

ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანის ინტერს 13 ქულით უსწრებს. ნეაპოლელები მომდევნო ტურის შეხვედრას 12 თებერვალს, შინ ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები