Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ იყიდებიან! ასეთი მკაფიო მესიჯი ჰქონდა აურელიო დე ლაურენტისს გერმანული SPORT BILD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნაპოლის მფლობელმა და პრეზიდენტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა და მათ შორის, დაადასტურა, რომ დიდი ინტერესის მიუხედავად, ის თავისი გუნდის ლიდერების გაყიდვას არ აპირებს.

აი, რა თქვა დე ლაურენტისმა მიმდინარე სეზონზე და ნეაპოლელთა შესაძლო ჩემპიონობაზე: "ნაპოლიმ ისტორიაში ორი "სკუდეტო" მოიგო და ორივე მარადონას დროს. ამის შემდეგ კლუბი გაკოტრდა და სერია C-ში აღმოჩნდა. მერე მე მოვედი და ჩემი პრეზიდენტობისა და ამ 19 წლის განმავლობაში აღვადგინეთ გუნდი, რომელიც აღარ არსებობდა გაკოტრების შემდეგ. სერია A-ში რეკორდულად მოკლე დროში დავბრუნდით და ზედიზედ 14 წელია, ევროტურნირებზე ვთამაშობთ, მომდევნო სეზონის ჩათვლით. ჩემპიონობა ამ საოცარი ათწლეულის კულმინაცია იქნება. ქალაქისთვის ეს ნიშნავს პრესტიჟს, კარგ ბიზნესსა და კეთილდღეობას. ზაფხულში ჩვენ გვქონდა გამბედაობა და ვიმუშავეთ წინდახედულად, რათა გუნდის შემადგებლობა გაგვეახალგაზრდავებინა მაღალი დონის ტალანტებით. ჩვენმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შესანიშნავად იცის მათთან მუშაობა და ამიტომაც ვთამაშობთ სანახაობრივად და შედეგიანად".

ინტერვიუ ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ნაპოლის პრეზიდენტისთვის დიეგო მარადონაზე არ ეკითხათ. აურელიომ ლეგენდარულ არგენტინელზე თქვა: "მარადონა მხოლოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ იყო. ნაპოლისთვის ის იყო ლეგენდა და ადამიანი, რომელმაც ნეაპოლელებს ისეთი სპორტული წარმატებები მოუტანა, რისი წარმოდგენაც მანამდე არ შეეძლოთ. მან  არა მარტო ორჯერ მოიგო მოიგო "სკუდეტო" და ერთხელ უეფას თასი, არამედ ხალხს სიამაყე და თავდაჯერება შესძინა. ისეთ ჩემპიონზე ვსაუბრობთ, რომლის მსგავსი აღარასდროს იარსებებს. ჩვენ მის წინაშე ვალში ვართ და ამიტომაც ვთამაშობთ მისი სახელობის სტადიონზე".

დე ლაურენტისმა ნაპოლი სერია C-დან დღევანდელ ვითარებამდე მოიყვანა

სულ მალე ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება და რა თქმა უნდა, გერმანული ჟურნალის კორესპონდენტმა მას სწორედ ამის შესახებ ჰკითხა: "კარგი იყო, რომ არ შეგვხვდა ყველაზე ძლიერი მეტოქე. თუმცა აინტრახტი ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, წინ ორი ლამაზი მატჩი გველოდება. შანსები თანაბარია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეტოქეზე უკეთესი ვართ. გვახსოვს, რომ აინტრახტმა შარშან ბარსელონა დაამარცხა და ბარსელონას მსგავსი შეცდომა არ უნდა დავუშვათ. აინტრახტი კარგი მაგალითია იმისა, რომ შეიძლება წარმატებას მიაღწიო უცხოელი ინვესტორის გარეშე. ევროპული კლუბების უმეტესობა გარე ფულზე არიან დამოკიდებული და ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ. ჩვენი სტრატეგია კი დაფუძნებულია დაბალი ხარჯების შენარჩუნებასა და ახალგაზრდა ფეხბურთელებში ინვესტიციაზე. აინტრახტიდან ნაპოლის ნდიკა, კოლო მუანი და გიოტცე გამოადგებოდა, თუმცა შეურაცხყოფის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემს არცერთ ფეხბურთელში არ გავცვლიდი".

ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსზე დე ლაურენტისმა თქვა: "ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში უფრო ძლიერი გუნდებიც თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ნაპოლის შეუძლია ამ ტურნირის მოგება. ბუკმეიკერებიც ფიქრობენ, რომ ეს შეგვიძლია და მეოთხე-მეხუთე კანდიდატად გვასახელებენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე გუნდი ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ვნახოთ".

ნაპოლიმ მიმდინარე სეზონის წინ ლორენცო ინსინიე, კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი, დავიდ ოსპინა და ფაბიან რუისი დაკარგა. ეს ნეაპოლური გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდი იმაზე ბევრად მაგარ სეზონს ატარებს, ვიდრე შარშან ჰქონდა. დე ლაურენტისმა თქვა, რომ ასეთი სეზონის იმედი ზაფხულშივე ჰქონდა.

"დიახ, ყოველთვის მჯეროდა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი მყავდა. ბოლო ათწლეულში ჩვენ ყოველთვის ვიყავით საუკეთესო ოთხეულში, ხანდახან მეორე ადგილზეც. მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების შემდეგ ნაპოლი ჩამოიშლებოდა, აღარ ვიქნებოდით ისეთი ძლიერები, როგორც მანამდე. თუ გუნდი და მწვრთნელი ძლიერია, ატმოსფერო ჯანსაღია, რატომ უნდა ჩამოიშალო? ამის საერთოდ არ მეშინოდა".

დე ლაურენტისი და კრისტიანო ჯუნტოლი ნაპოლის წარმატების მთავარი შემოქმედები არიან

ნაპოლის ბრწყინვალე სეზონიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზაფხულში მის ფეხბურთელებზე ევროპული გრანდებისგან ნადირობა გამოცხადდება. იტალიელმა კინორეჟისორმა ამაზეც ილაპარაკა: "დიახ, ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მათ გაყიდვას არ ვაპირებ. ოსიმენიც არ იყიდება, რატომ უნდა გავყიდო? ვალები არ გვაქვს! მინდა, გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები მყავდეს. 400-მდე ფილმი მაქვს გადაღებული, რომელშიც ყოველთვის მყავდა იტალიური და მსოფლიო კინოს საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები. ასე იყო ფეხბურთშიც, ადრე მყავდა ლავეცი, ჟორჟინიო, იგუაინი, ჰამშიკი, კავანი, ახლა მყავს კვარაცხელია და ოსიმენი. არ ვფიქრობ, რომ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კვარაცხელია და ოსიმენია, ზაფხულში გუნდს დატოვებენ."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ში 21 ტურის შემდეგ 56 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მილანის ინტერს ძალიან სოლიდური სხვაობით, 13 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე "აძურიმ" ლივერპულის, აიაქსისა და რეინჯერსის კონკურენციაში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ევროპალიგის შარშანდელ ჩემპიონ აინტრახტს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები