Thumbnail

‘მე-9 სართულზე იყო’ - კრისტიან ატსუს გადარჩენის ამბავი არ დადასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გუშინ გავრცელებული კარგი ამბავი, სამწუხაროდ, არ დადასტურდა
  • სამწუხაროდ, ჰატაისპორის ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ არის უპოვიათ

ისეთი ამბავია, სიტყვებს ვერ ვპოულობთ მის შესაფასებლად…

განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ თურქეთსა და სირიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ დაიკარგა, მერე ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, ბოლოს აგენტმა თქვა, რომ ცოცხალია და კლინიკაშია, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ისევ გაურკვეველია, ამოიყვანეს თუ არა ნანგრევებიდან. სანამ დეტალებზე გადავალთ: ფაქტია, რომ ჰატაისპორის 31 წლის ფეხბურთელის არც ფოტო გავრცელებულა და არც კლუბს დაუდასტურებია, რომ გადაარჩინეს.

აი, რა უთხრა საბა ლობჟანიძის თანაგუნდელის აგენტმა ნანა სეჩერემ ინგლისურ მირორს: “იმედი მქონდა, რომ მიწისძვრის დროს ეღვიძა. ის 11-სართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე იმყოფებოდა. ბოლოს კვირას, შუაღამისას მქონდა მასთან კონტაქტი. თანაგუნდელებთან ერთად, ერთ-ერთის სახლში 3:30 საათამდე პოკერს თამაშობდა. მერე სახლში წავიდა, რომელიც ნახევარი საათის გზაზე იყო. ანუ, დაახლოებით 4 საათზე უნდა მისულიყო სახლში, მიწისძვრა კი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოხდა.”

ატსუს აგენტი აგრძელებს: “არაფერი ვიცოდი, სანამ კლუბიდან არ დამირეკეს. მკითხეს, ხომ არ იცი, სად არის, ჩვენ ვერ ვუკავშირდებით, მისი კორპუსი კი დანგრეულიაო. მოგვიანებით კლუბში მითხრეს, რომ ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს. სტაბილურადაა და ტელეფონი არ აქვს, მერე დაგალაპარაკებთო.”

თუმცა ჯერაც უცნობია, მართლა ამოიყვანეს თუ არა ატსუ ნანგრევებიდან. მეტიც: სამწუხაროდ, ჰატაისპორის მწვრთნელის, ვოლქან დემირელის განცხადების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაპოვნი იყოს: “ნუ წერთ, რომ გადარჩა, როცა არ ხართ დარწმუნებულები, რომ გადარჩა. საავადმყოფოში რომ იყოს, არ გეტყოდით? როცა სიახლე გვექნება, გაგაგებინებთ.” - ასე მიმართა ვოლქანმა გამოცემა Hürriyet-ს.

ჰატაისპორის ექიმის, გიურბეი ქაჰვეჩის კომენტარი: “როცა წავიკითხეთ, რომ კლინიკაში მიიყვანეს, მაშინვე წავედით, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ამ მომენტში ვფიქრობთ, რომ კრისტიან ატსუ ნაპოვნი არ არის.”

ატსუ ჰატაისპორში 2022 წლის სექტემბრიდან თამაშობს. მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე მან კასიმფაშასთან გამარჯვების გოლი გაიტანა. განელი მანამდე ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა პორტუ, ჩელსი, ევერტონი, ნიუკასლი და მალაგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები