Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვას მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველო 3:2 მოლდოვა
  • ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეები გამოსცადა
  • საქართველო მოლდოვასთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალს გამართავს 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება, წლის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ვინაიდან შეხვედრა უეფას მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში არ გაიმართა, ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ითამაშა. 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 24-ე წუთზე ჯანიკო გიორგაიამ ვახტანგ კეკელიას პასით გახსნა, რომელმაც მეტოქის გადაცემა ჩაჭრა. აქედან ექვს წუთში კეკელიამ გოლი გიორგი ქურდაძესაც გაატანინა, რომელმაც "კედლის" შემდეგ მოლდოველ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მალევე შეამცირეს. 34-ე წუთზე კი გატანა შოთა თოფურიამაც მოახერხა, რომელმაც საქართველოს ნაკრების იერიშის შემდეგ, დამატებაზე შეაგდო. მოლდოველებმა საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე დააფიქსირეს - 3:2.

საქართველოს და მოლდოვას ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავენ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 სთ-ზე დაიწყება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად ბელგიასთან გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდს, რომელიც მე-2 შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, ელიტ-რაუნდში პირდაპირ მოხვედრის დიდი შანსი აქვს. 

საქართველო 3:2 მოლდოვა

გოლები: 1:0 გიორგაია (23'08"), 2:0 ქურდაძე (30'19"), 2:1 ლაშკუ (31'05"), 3:1 თოფურია (33'54"), 3:2 ობადა (39'29"). 

საქართველო (ძირითადი): თორნიკე ბუკია - გიორგი ჩიმაკაძე, შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ კეკელია.
სათადარიგოები: ბექა ტყემალაძე, ვახტანგ ტერუნაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, ნიკა ხარატიშვილი, გიორგი ქურდაძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, დავით ხეჩიკაშვილი, ლევან სვანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები