- ფიფას 2022 წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე სამი ნომინანტი დარჩა
- THE BEST 2022 | ფიფას წლის ფეხბურთელის 14 ნომინანტი ცნობილია
ფიფამ 2022 წლის საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტების სია ხუთიდან სამამდე შეამცირა. ჯილდოსთვის ბრძოლას მაროკოსა და სევილიას მეკარე იასინ ბონო, არგენტინის ნაკრებისა და ასტონ ვილას გოლკიპერი ემილიანო მარტინესი და ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მეკარე ტიბო კურტუა აგრძელებენ.
წლის მეკარის პრიზისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერები: ალისონ ბეკერი (ლივერპული) და ედერსონი (მანჩესტერ სიტი).

31 წლის იასინ ბონო მაროკოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა (0:2), მოგვიანებით კი მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთანაც წააგო (1:2).

კატარის მუნდიალის გამარჯვებული ემილიანო მარტინესის გუნდი გახდა. არგენტინის ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (3:3, პენ: 4:2) და უმთავრესი საფეხბურთო ჯილდო ისტორიაში მესამედ მოიპოვა. თავად 30 წლის მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, მისთვის და მისი ნაკრებისთვის კატარის მუნდიალი წარუმატებელი გამოდგა. ბელგიელებმა ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლიეს. სამაგიეროდ, 30 წლის მეკარე წარმატებული საკლუბო დონეზე იყო - 2022 წელს მადრიდის რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ფიფა 2022 წლის საუკეთესოებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 27 თებერვალს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებს.
კომენტარები