Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა ნიდერლანდებში გამგზავრებამდე, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი ელის. ინტენსიური წვრთნა, რომელიც ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სასიხარულოა, რომ წლის პირველი შეხვედრის შემდეგ, ყველა მორაგბე ჯანმრთელადა. როგორც დაგეგმილი იყო, გაფართოებულ შემადგენლობას ახლაღა შეუერთდა ბექა გორგაძე, რომელმაც წინა კვირას ფრანგულ TOP 14-ში რასინგის წინააღმდეგ 71 წუთი ითამაშა და 2 ლელო დადო. გორგაძემ იმ მატჩში მცირე ტრავმაც მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და მწყობრში მალე ჩადგება.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ესპანეთთან თამაშმაც დაგვანახა. ისინი სამხრეთაფრიკელი და ახალ ზელანდიელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. უდაოა, რომ ნიდერლანდებს გერმანიაზე უკეთესი ნაკრები ჰყავს. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვქონდა და მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ახლა, მგზავრობა გვიწევს, რასაც ენერგია მიაქვს. პირველი თამაშის შემდეგ შემადგენლობაში როტაციას მივმართავთ. ბევრი მოთამაშის შეცვლას ვაპირებთ. მთლიანობაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე – გერმანიასთან“.

საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ამსტერდამში გამგზავრებამდე

გიორგი კვესელაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): “შარშან ნოემბერში ურუგვაისთან მატჩში მუხლის ტრავმა მივიღე, რის გამოც 6 კვირა გამიცდა. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა და 100%-ით მზად ვარ. ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. ვნახეთ მათი თამაში ესპანეთთან. ვცდილობთ, ვარჯიშები იმაზე უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე თამაში იქნება და მოუთმენლად ველით შაბათის დადგომას“.

ოთარ ლაშხი (საქართველოს ნაკრების მორაგბე): “მოხარული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა და საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. ასჯერ უფრო მეტი ემოცია მაქვს, რადგან სადებიუტო შეხვედრაში ლელო გავიტანე. რაც შეეხება მომავალი თამაშისთვის მზადებას, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ვეცდებით, ნავარჯიშები მოედანზე კარგად გადავიტანოთ“.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებმა თბილისში გერმანია 75:12 გაანადგურეს, ნიდერლანდებმა კი მადრიდში აშკარა ფავორიტად შერაცხულ ესპანეთს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 20:28 წააგო. ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 თებერვალს, ამსტერდამში, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები