Thumbnail

კაირი ირვინგს დალას მავერიკსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ დასჭირდა.

ბრუკლინ ნეტსიდან ტექსასურ გუნდში ტრეიდიდან რამდენიმე დღეში, შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა - პირველივე თამაშში საუკეთესო მექულე გახდა.

ლოს ანჯელეს კლიპერსთან 110:104 მოგებულ მატჩში ირვინგმა 24 ქულა ჩააგდო. მან 17 სროლიდან 9 გამოიყენა, აქედან 4 სამქულიანი (8-დან). ამასთან, პარკეტზე გატარებულ 37 წუთში 30 წლის კაირიმ 5 ასისტი და 4 მოხსნაც მიითვალა. 24 ქულით ის დალასიდან საუკეთესო გახლდათ, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ტექსასელებმა ტრავმის გამო ლუკა დონჩიჩი დაასვენეს. მიუხედავად ამისა, მისი ასეთი შედეგიანი თამაში მაინც ძალიან დასაფასებელია, რადგან ირვინგის ტრეიდი ახლახან, კვირას განხორციელდა.

ლუკა დონჩიჩს ამ მატჩში არ უთამაშია

“მას თამაში უმაღლეს დონეზე ესმის. მას არაფრის სწავლა არ მოუწევს, ყველაფერი იცის, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა ითამაშოს კიდევ ერთ სუპერვარსკვლავთან ერთად. სწორედ ამას აკეთებდა კარიეერის უდიდესი ნაწილი. ეს ყველაფერი ლუკასთვისაც შესანიშნავი გამოწვევა იქნება,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დალასის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა.

“კაირისგან გუშინ, ვარჯიშზეც უდიდესი ენერგია იგრძნობოდა და დღესაც, როცა მატჩის წინ ვხურდებოდით. ყველას ბევრს ესაუბრებოდა, თავდაჯერებას მატებდა და ყველას ეუბნებოდა, ჩემზე ნუ იდარდებთ და ნუ იზრუნებთ, ყველაფერი იდეალურად იქნებაო.” - ეს ტიმ ჰარდავეის სიტყვებია.

კაირი პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან მონდომებული ჩანდა

კაირი მატჩის საუკეთესო მექულეც გახდა - კლიპერსელ ნორმან პაუელთან ერთად (ასევე 24 ქულა). კავაი ლეონარდს საბოლოოდ 18 ქულა, 4 მოხსნა და ამდენივე პასი დაუგროვდა, ხოლო პოლ ჯორჯმა 20 ქულა ჩააგდო (4 ასისტი, 5 მოხსნა). 

კომენტარები

ბოლო ამბები