Thumbnail

მატჩი, რომელშიც ბასილაშვილის მეტოქე ირკვეოდა, სკანდალურად დასრულდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსანდერ ბუბლიკმა 3 ჩოგანი დალეწა და მაყურებელმა სტვენით გააცილა
  • მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილი ფრანგ ბარერეს შეხვდება

მატჩი, რომელშიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 630 705 ევრო) ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ირკვეოდა, სკანდალურად დასრულდა.

გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე წარუმატებელი თამაშის გამო წყობიდან გამოსულმა ალექსანდერ ბუბლიკმა თავი ვერ შეიკავა, ერთბაშად 3 ჩოგანი დალეწა და ტრიბუნებზე შეკრებილი ჩოგბურთის ქომაგების უარყოფითი ემოცია გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბუბლიკი რუსია, თუმცა, უკვე წლებია ყაზახეთის სახელით თამაშობს და მისგან ექსცენტრიული ქცევები ახალი არაა, თუმცა, ამჯერად მართლაც ზედმეტი მოუვიდა და აკი, ფრანგულმა პუბლიკამაც კორტიდან სტვენით სრულიად სამართლიანად გააცილა.

25 წლის ბუბლიკი მონპელიეში ტურნირის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა (შარშან ფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა) და ცხადია, ტიტულის შენარჩუნება ძალიან სურდა, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო ფრანგ გრეგუარ ბარერესთან, არადა, გადამწყვეტ სეტში 4:2-ს იგებდა – 4:6, 7:6 (14:12), 6:7 (3:7).

აღსანიშნავია, რომ ეს, ბუბლიკისთვის ზედიზედ მე-9 წაგება იყო, რაც მის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი წარუმეტებელი სერიაა. ყაზახ ჩოგბურთელს გასული წლის ოქტომბერში ბაზელის ტურნირის შემდეგ არ უმარჯვია და როგორც სჩანს, ნერვებმაც ამიტომ უმტყუნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ფრანგი გრეგუარ ბარერე იქნება

ამგვარად, მონპელიეს ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე 28 წლის ფრანგი ბარერე იქნება, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 75-ე ადგილი უკავია და ეს, მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

ბასილაშვილსა და ბარერეს 2-ჯერ უთამაშიათ და თანაბარი ბალანსი გააჩნიათ. 2016 წელს მეცში ნიკოლოზმა 5:7, 7:5, 6:2 მოიგო, ხოლო 2021 წელს სწორედ მონპელიეს ტურნირზე გრეგურმა რევანში აიღო – 6:4, 6:4.

მოახლოებული შეხვედრა დღეს, ცენტრალურ კორტზეა დაგეგმილი და თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე დაიწყება (რუნესა ჰუესლერის მატჩის დასრულების შემდეგ). შეგახსენებთ, რომ Open Sud de France-ს პირველ წრეში საქართველოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთ ფრანგ კონსტანტ ლესტიენს 6:7 (3:7), 7:5, 6:2 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები