Thumbnail

ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფის მე-2 წრეში დაუპირისპირდება. დღეს გამართულმა წილისყრამ ქართველ ჩოგბურთელებს მეტოქედ ტუნისი არგუნა, მასპინძელი კი, პირველი რაუნდის მსგავსად, ისევ საქართველო იქნება.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა ეს უფლება ჯერჯერობით მხოლო ქაღალდზე მიიღო, რადგანაც ბოლო მატჩში ბოლივიასთანაც შინ უნდა ეთამაშა, თუმცა, ვინაიდან ქვეყანაში სათანადო დარბაზი ვერ გამოინახა, სამხრეთამერიკელებს პოლონეთის ქალაქ ლეშნოში დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება საქართველოსთვის ძალიან წარმატებულად წარიმართა. გუნდმა, რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი და საბა ფურცელაძე იცავდნენ, ხოლო კაპიტანი დავით კვერნაძე გახლდათ, მეტოქე 4:0 გაანადგურა.

ტუნისის საჩოგბურთო ნაკრებმა კვიპროსს გაჭირვებით მოუგო

ცნობისთვის, ამავე ეტაპზე გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა ტუნისის ნაკრებს. აფრიკელებმა მხოლოდ 3:2 სძლიეს კვიპროსს, რომელსაც რეიტინგში ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს და ისიც 898-ე ადგილზეა. თავად ტუნისელთა რიგებში სკანდერ მანსური (279-ე), აზიზ დუგაზი (284-ე), მოეზ ეჩარგუი (382-ე), მალეკ ჯაზირი (443-ე) და აზიზ ოუაკაა (1017-ე) ირიცხებოდნენ.

ქართულ-ტუნისური დაპირისპირება წლეულს 15-17 სექტემბერს შედგება და მასში გამარჯვებული მსოფლიო ჯგუფი I-ში გადასასვლელად დასკვნით საპლეიოფო მატჩს უკვე 2024 წელს ჩაატარებს.

ცნობისთვის, ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისელებთან 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში კორტს გამარჯვებულები ტოვებდნენ. საქართველოს ნაკრებმა (ვლადიმერ გაბრიჩიძე, დავით კაჭარავა, ვლადიმერ მარგალიტაძე) ევრო-აფრიკული ზონის III ჯგუფში 1995 წელს 3:0 იმარჯვა, 1996-ში კი – 2:1.

კომენტარები

ბოლო ამბები