Thumbnail

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის ეგიდით შედგება.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა არაერთი ცვლილება განახორციელა. გერმანიასთან მოგებული მატჩის (75:12) შემდეგ, სასტარტო XV-ში ერთბაშად 10 ახალი სახეა. ისიც სათქმელია, რომ მცირე ტრავმის გამო გუნდს ბექა გორგაძე დააკლდა და მის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ლუკა ივანიშვილი დაემატა.

ხაზის მორაგბეთაგან ძირითადში ადგილი მხოლოდ აკაკი ტაბუცაძემ შეინარჩუნა, შერკინებაში კი ოთხმა მორაგბემ – ბურჯმა ნიკა აბულაძემ, მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ და ასევე მესამეხაზელმა, გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ. 

10 ნომრის პოზიციაზე თედო აბჟანდაძე ბრუნდება

სრულად შეიცვალა ღერძი, სადაც თამაშს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ, ასევე ცენტრი – გიორგი კვესელაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდა. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება დავით ნინიაშვილი, ფრთაზე – სანდრო თოდუა, ხოლო გერმანიასთან სამი და ჯამში 22 სანაკრებო ლელოს გამტანი ტაბუცაძე, როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდებსაც პირველივე წუთებიდან შეუტევს.

შერკინების პირველ ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე. კვაჭის პოზიციაზე ამჯერად გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, მარჯვენა ბურჯი კი ბექა გიგაშვილი იქნება. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი თადარიგიდან ოთარ გიორგაძე დაწინაურდა. ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეორედ უკაპიტნებს საღინაძე. კვლავ ძირითად შემადგენლობაშია გერმანიასთან სამი ლელოს გამტანი გიორგი ცუცქირიძე.

უცვლელია პირველი ხაზის შემცვლელი ტრიო: კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – სერგო აბრამიშვილი და ვახტანგ აბდალაძე. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან პორტუგალიასთან ჰქონდა. მესამე ხაზში გუნდს მიხეილ გაჩეჩილაძე გააძლიერებს, რომელმაც ნაკრებში ბოლოს 2021 წლის ზაფხულში ნიდერლანდებთან ითამაშა. თადარიგში გადაინაცვლეს 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და მგეზავმა ლუკა მატკავამ. კვლავ შეცვლაზეა ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებმა თბილისში გერმანია 75:12 გაანადგურეს, ნიდერლანდებმა კი მადრიდში აშკარა ფავორიტად შერაცხულ ესპანეთს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 20:28 წააგო. ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 თებერვალს, ამსტერდამში, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

საქართველო ნიდერლანდებთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 110 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 6 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 6 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 78 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 25 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 32 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 37 კეპი, 50 ქულა);

სათადარიგოები: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 1 კეპი), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი, 2 კეპი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 71 კეპი, 73 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 3 კეპი, 28 ქულა), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 94 კეპი, 53 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები