Thumbnail
  • 📅 12 თებერვალი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:45 | 🟠 ნაპოლი V კრემონეზე
  • სერია A-ს ლიდერი ბოლოადგილოსანის წინააღმდეგ აშკარა ფავორიტია
  • თუმცა კრემონეზემ ნაპოლი ახლახან იტალიის თასიდან გააგდო
  • ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ემთხვევა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

კვირას, 12 თებერვალს, ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა - ქართული ფეხბურთის იმედი და სუპერვარსკვლავი 22 წლის ხდება. იუბილეზე ხვიჩას თამაში აქვს და ალბათ, ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ინატრებდა: ნაპოლი ბოლოადგილოსან კრემონეზეს უმასპინძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარას შესანიშნავი შანსი ექნება, დაბადების დღეზე გოლი (ან გოლები) გაიტანოს. მით უმეტეს, რომ კრემონეზეს ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმირებულია.

მოკლედ, სერია A-ს 22-ე ტურში გამოკვეთილი ლიდერი აშკარა აუტსაიდერს ეთამაშება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლახან, 18 იანვარს კრემონეზემ ნაპოლი იტალიის თასიდან გააგდო - მოუგო პენალტების სერიაში, სტუმრად!

სამწუხაროა, რომ ქართული დაპირისპირება არ შედგება, როგორც ვთქვით, ლოჩოშვილს ტრავმა აქვს. 24 წლის მცველი გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს, მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, კიდევ 1 კვირა გაუცდება. ლუკას საზარდულის ტრავმის გამო ლაზარეთში ყოფნა 1 თვის განმავლობაში მოუწია.

ლუკა ლოჩოშვილი არკადიუშ მილიკის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელია კი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. კვარას ბრწყინვალე სეზონი აქვს, წინა ტურშიც მონაგარს გოლი და საგოლე პასი შემატა. ნაპოლი 56 ქულით ლიდერობს და ინტერს, რომელიც მე-2 ადგილზეა, 13 ქულით უსწრებს. უპირატესობა სოლიდურია, იტალიის სერია A-ს ისტორიაში 22 ტურის თავზე ასეთი სხვაობა ლიდერსა და მდევარს შორის არასდროს ყოფილა. თუმცა, ეს ლუჩანო სპალეტის გუნდს მოდუნების უფლებას არ აძლევს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მით უფრო, კრემონეზეს წინააღმდეგ, რომელიც უიმედო აუტსაიდერია და გავარდნისგან როგორ უნდა გადარჩეს, არავინ იცის. ნაპოლი თუ მთელი სეზონი ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს (63 შესაძლებელი ქულიდან 56 აქვს მოპოვებული), კრემონეზე პირიქით, ვერ აგროვებს - მხოლოდ 8 ქულა აქვს, თან თამაშიც არ მოუგია. სამაგიეროდ, დავიდე ბალარდინის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალშია, რადგან ნაპოლის შემდეგ კრემონელებმა სტუმრად რომაც დაამარცხეს (2:1).

მიუხედავად სათასო ფურორისა, კრემონეზეს ჩემპიონატში უმძიმესი ვითარება აქვს. ამიტომაც, ნაპოლი ძალიან გამოკვეთილი ფავორიტია. სხვათა შორის, სპალეტი თასის მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც ნაპოლიმ კრემონულ გუნდს ვერ აჯობა, ძირითად შემადგენლობაში 10 ფეხბურთელს შეცვლის! მხოლოდ ალექს მერეტი იქნება ისეთი, ვინც მაშინაც სასტარტოში იყო და ახლაც მოედანზე საწყისი წუთიდან გავა.

ვნახოთ, როგორ საჩუქარს გაუკეთებს საკუთარ თავს კვარა.

კვარა დაბადების დღეზე სათამაშოდ ემზადება

საინტერესო ფაქტები

🟠 ნაპოლიმ კრემონეზე პირველ წრეში 4:1 დაამარცხა, მაგრამ სერია A-ში კრემონული გუნდი ზედიზედ ორჯერ არასდროს დაუმარცხებია. ისინი იტალიის ჩემპიონატში აქამდე 15-ჯერ შეხვედრიან: 7 მატჩი კამპანიელებმა მოიგეს, 6-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 2-ჯერ გამარჯვება ლომბარდიელებმა მოიპოვეს (ბოლოს 1994 წლის 11 სექტემბერს).

🟠 სერია A-ში, სერია B-სა და იტალიის თასის ჩათვლით, ეს არის მე-14 თამაში "სტადიო მარადონაზე" ნაპოლი-კრემონეზეს შორის. 11 შეხვედრა ნაპოლიმ მოიგო და 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა. მათ შორის, მიმდინარე წლის 17 იანვარს (2:2), როცა კრემონეზემ პენალტების სერიაში მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

🟠 კრემონეზეს სერია A-ს ეგიდით ნეაპოლში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი: 1994 წლის 16 იანვარს.

🟠 2022/23 წლების სეზონში მხოლოდ ბაიერნს აქვს უფრო ნაკლები წაგება (ერთი 29 მატჩში), ვიდრე ნაპოლის (ორი 28 თამაშში) ტოპლიგების გუნდებს შორის, ყველა ტურნირის გათვალისწინებით. მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედმა და პარი სენ-ჟერმენმა მოიგეს უფრო მეტი თამაში, ვიდრე ლუჩანო სპალეტის გუნდმა (23).

🟠 ნაპოლის სერია A-ში ბოლო 8 საშინაო თამაში მოგებული აქვს და 2016 წლის სექტემბრის ზედიზედ 9 მატჩი შინ არ მოუგია. ზოგადად, ისტორიაში "აძურიმ" მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა მინიმუმ ზედიზედ 9 საშინაო შეხვედრის მოგება.

🟠 კრემონეზე სერია A-ში კვლავ გამარჯვების გარეშეა. სერია A-ში მხოლოდ 4-ჯერ მოხდა, რომ გუნდმა 22 ტური მოგების გარეშე ჩაატარა: 1965/66 წლების სეზონში ვარეზე, 1971/72 წლებში ისევ ვარეზე, 2003/04 წლებში ანკონა და 2015/16 წლებში ვერონა. ზოგადად, ანტირეკორდი ვარეზესა და ანკონას ეკუთვნით, რადგან მათ 28 ტური ჩაატარეს მოუგებლად.

🟠 ეს არის გუნდების დაპირისპირება, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (ნაპოლიმ 15) და გაუშვეს (კრემონეზეm 13) სტანდარტული სიტუაციებიდან. "აძურის" ასევე 10 გოლი აქვს გატანილი კუთხურიდან და კრემონეზემ ამ სიტუაციით 6 ბურთი გაუშვა (ემპოლისთან ერთად ყველაზე ცუდი შედეგი).

🟠 ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს ბოლო 5 მატჩში მოახერხა გოლის გატანა (7 გოლი). ნაპოლის ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 თამაშში შეძლო თავის გამოჩენა გონსალო იგუაინია (2016 წლის თებერვალში). ნიგერიელი 2023 წელს ტოპლიგების საუკეთესო ბომბარდირია 7 გოლით (საშუალოდ გოლი ყოველ 72 წუთში).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 9 საგოლე აქვს (მათ შორის 1 კრემონეზესთან პირველი წრის მატჩში). ქართველამდე ნაპოლის ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში მინიმუმ 8 გოლი და 8 საგოლე პასი შეაგროვა, ეზეკიელ ლავეცი იყო. კვარაცხელიამ ამ დროისთვის 17 გოლში მიიღო მონაწილეობა. ნაპოლიში სადებიუტო სეზონში ბოლოს უკეთესი შედეგი მხოლოდ ხოსე კალეხონმა (21) და გონსალო იგუაინმა (24) აჩვენეს - ორივემ 2013/14 წლების სეზონში.

🟠 ფელიქს აფენა-გიანს პროფესიულ კარიერაში 4 გოლი აქვს გატანილი და 3 სტუმრად გაიტანა. მათ შორის, "სტადიო მარადონაზე" ნაპოლისთან მიმდინარე წელს სათასო მატჩში. სერია A-ში მას გოლი 2021 წლის 21 ნოემბრის შემდეგ არ გაუტანია, როცა ჯენოასთან დუბლი შეასრულა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერვე ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 კრემონეზეს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

კრემონეზე (3-5-2): კარნეზეკი - ფერარი, კირიკეში, ვასკესი - სერნიკოლა, პიკელი, კასტანიეტი, მეიტე, ვალერი - ჩოფანი, დესერსი.
ტრავმა: ლოჩოშვილი, კუალიატა, ბუონაიუტო.

კომენტარები

ბოლო ამბები