- ნიდერლანდები 8:40 საქართველო
- ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგეს
- ამსტერდამში დუბლები გიორგი ჭყოიძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ მიითვალეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა სტუმრად ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, დუბლები კი გიორგი ჭყოიძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ მიითვალეს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რაგბი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატს შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილავს და თამაშის შანსს გაფართოებულ რაზმში მყოფ ყველა მორაგბეს აძლევს. გერმანიასთან თბილისში მოგებული მატჩის (75:12) შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. მცირე ტრავმის გამო გუნდს ბექა გორგაძე დააკლდა.

მასპინძლებმა თამაში თამამად დაიწყეს, პირველი ათი წუთი ფლობდნენ ბურთს და საქართველოს ნაკრები წნეხში მოაქციეს, მაგრამ ერთ ეპიზოდში გიორგი ჭყოიძემ მოიპარა ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა, რომელშიც დემე თაფლაძემ, აკაკი ტაბუცაძემ და გელა აფრასიძემ განავითარეს, დავით ნინიაშვილმა ლელოთი დაასრულა. თედო აბჟანდაძემ გარდასახა და მე-12 წუთისთვის საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.
ამაზე ნიდერლანდების პასუხი ზუსტი საჯარიმო იყო. რეინჰარდტ ფორტუინმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ არა დიდი ხნით. მე-20 წუთისთვის, აუტის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მორიგი მიძალება ვლადიმერ ჩაჩანიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში დაასრულა, რომლისთვისაც ეს პირველი ლელოა ნაკრებში. თედო აბჟანდაძეს მახვილი კუთხიდან გარდასახვის შესრულებაში ხელი ქარმა შეუშალა - 3:12.
შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, გუნდებმა კაცნაკლულებმა ითამაშეს. ნიდერლანდელი მოთამაშის გასინბინების შემდეგ, მსაჯმა ყვითელი ბარათი "ბორჯღალოსნების" კაპიტან ბექა საღინაძესაც უჩვენა. ფორტუინმა საჯარიმოს გატანა და სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი ლელო დადო და ორივე გიორგი ჭყოიძემ მიითვალა. ცნობისთვის, გიორგის მეორე ლელო "ბორჯღალოსნებისთვის" მე-500 აღმოჩნდა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა ორივე ჯერზე ზუსტად შეასრულა და ანგარიში "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ 26:3 გახდა.
მასპინძლებმა გაიბრძოლეს, ამას ქართველი მორაგბეების შეცდომებიც დაერთო და ნიდერლანდების ნაკრებმა აუტის მოწოდების შემდეგ, თამაშში პირველი ლელოც დადო - ეს 64-ე წუთზე ვოლფ ვან დეიკმა მოახერხა. ნიდერლანდელებმა გარდასახვა ვერ გაიტანეს - 8:26.

იქვე საქართველოს ნაკრები კაცნაკლულიც დარჩა, მაგრამ სხვაობის გაზრდა მაინც არ გასჭირვებია. 69-ე წუთისთვის მოედანზე შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, "ბორჯღალოსნების" მოლი ლელოთი დაასრულა, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 8:33.
ნიდერლანდების ნაკრები მოიშალა, გაჩეჩილაძემ კი 76-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მატკავას პასის შემდეგ, ვახტანგ აბდალაძემ გაჭრა ხაზი და ბურთი თავისუფალ თანაგუნდელს გადააწოდა. მატკავამ ამჯერადაც გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 8:40.
რაგბი ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 2023 წლიდან ახალი ფორმატით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს, საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში ორი მოგება აქვს და A ჯგუფს ლიდერობს, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდები, გერმანია და ესპანეთი ჰყავს. B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი გამოდიან. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები 4-5 მარტს ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო ფინალები 18-19 მარტს გაიმართება.
"ბორჯღალოსნები" მომდევნო, მე-3 ტურის შეხვედრას 18 თებერვალს, სტუმრად ესპანეთთან გამართავენ, რომელიც მეორე ტურში მოგვიანებით თამაშობს - 12 თებერვალს, სტუმრად გერმანიასთან.
ნიდერლანდები 8:40 საქართველო
საქართველო: ნინიაშვილი, ტაბუცაძე, თაფლაძე, კვესელაძე, თოდუა, აბჟანდაძე, აფრასიძე, აბულაძე, ჭყოიძე, გიგაშვილი, ჩაჩანიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, გიორგაძე.
სათადარიგოები: ზამთარაძე, აბრამიშვილი, აბდალაძე, ბაბუნაშვილი, გაჩეჩილაძე, ლობჟანიძე, მატკავა, ხმალაძე.
6 ლელო: ნინიაშვილი, ჩაჩანიძე, ჭყოიძე (2), გაჩეჩილაძე (2). 5 გარდასახვა: აბჟანდაძე (3), მატკავა (2). სინბინი: საღინაძე (33'), ნინიაშვილი (64).
კომენტარები