- ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:4 მაქს ჰოუკსი
- ფინალში ნიკა შესაძლოა, ისევ ლესტიენს შეხვდეს, რომელსაც 7 თებერვალს მოუგო
მონპელიეს ტურნირის მეორე წრეში დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (87) თამაში ATP-ის ტურის მორიგ ტურნირზე, როტერდამში გააგრძელა. როტერდამში ABN AMRO Open მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც €2.1 მილიონია. სამწუხაროდ, 30 წლის ქართველის ამჟამინდელი მდგომარეობა რეიტინგ-ლისტში მას ძირითად ბადეში თამაშის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც, ნიკა საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, სადაც მასპინძელ მაქს ჰოუკსს (328) ეთამაშა.
ბასილაშვილმა კორტზე დაამტკიცა, რომ შეხვედრის ფავორიტია და მეტოქეს ორ სეტში, საათსა და 17 წუთში მოუგო - 6:4, 6:4. პირველ სეტში ნიკამ 1:1-ზე მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება, თუმცა შემდეგ საკუთარი დაკარგა, ამის შემდეგ ბასილაშვილმა ჰოუკსის მოწოდება დამაჯერებლად მოიგო და სეტიც მშვიდად დაასრულა. მეორე სეტი თავიდან ქართველი ჩოგბურთელისთვის ცუდად დაიწყო, ნიდერლანდელი 3:0 დაწინაურდა, შემდეგ ნიკამ ანგარიში გაათანაბრა (3:3), 4:4-ზე კი მეტოქის გადამწყვეტი მოწოდება მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად არის განთესილი. იმისთვის, რომ ის ძირითად ბადეში გავიდეს, კიდევ ერთი მეტოქე უნდა დაამარცხოს. მეტოქის ვინაობა პირველ ნომრად განთესილი ფრანგის, კონსტა ლესტიენისა (48) და გერმანელი მაქსიმილიან მარტერერის (149) შეხვედრაში ირკვევა. სხვათა შორის, ლესტიენს ნიკამ ახლახან, მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში მოუგო.
კომენტარები