Thumbnail

ოთხიდან ოთხი ფინალი - ბაზაძე ვარშავის მსოფლიოს თასზე მე-2 ადგილზე გავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძემ ამ სეზონში მე-4-ედ გააღწია პრესტიჟული ტურნირის ფინალში
  • ქართველმა მოფარიკავემ ფინალამდე ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო

საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ და მოხმალავეთა შორის მსოფლიოს ნომერ პირველმა რეიტინგში, სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა ვარშავაში მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე. 

ქართველი მოფარიკავე პლეი ოფში მე-2 ნომრად იყო განთესილი, პირველ წრეში მან ძალიან იოლად დაამარცხა რუმინელი გეორგე დრაგომირი - 15:4. შემდეგი მეტოქე ფრანგი თომა მარტინი იყო, სანდროს არც ამ ორთაბრძოლაში გასჭირვებია - 15:6. შემდეგ მან მე-15 ნომრად განთესი სებასტიენ პატრისს (საფრანგეთი) მოუგო (15:9) და რვა საუკესოს შორის გავიდა. 

მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ ამერიკელ ელი დერშვიცს მოუგო, რომელიც მე-10 ნომრად იყო განთესილი - 15:7 და დამაჯერებლად გავიდა ნახევარფინალში, სადაც მე-6 ნომრად განესილ ლუიჯი სამელეს (იტალია) აჯობა - 15:12. 

სამწუხაროდ, ფინალში სანდრო მასპინძელ კრშიშტოფ კაჩკოვსკისთან დამარცხდა - 13:15 და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ 2022/23 წლების სეზონში ოთხ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და ოთხივეში ფინალში გავიდა. ალჟირისა და ტუნისის მსოფლიოს თასებზე ჩემპიონი გახდა, ვარშავის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ისევე, როგორც - ორლეანის გრან პრიზე.

კომენტარები

ბოლო ამბები