Thumbnail

კვარა | გამარჯვების გოლი დაბადების დღეზე

კვირას ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე იყო. 22 წლის გახდა და იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში, კრემონეზეს 21-ე წუთის ბოლო წამზე ძალიან ეფექტური გოლი გაუტანა. კი, ზუსტად ერთი წამიც და მართლა დაჯდებოდა ის 22-22-22, რაზეც ბევრმა დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა ამას მხოლოდ ციფრების და რიცხვების ფანატიკოსებისთვის აქვს მნიშვნელობა. მთავარი კი ის არის, რომ ნაპოლიმ 4 იანვარს ინტერთან წაგების შემდეგ სერია A-ში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და საოცნებო "სკუდეტოს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

📋 | კვარას გოლი და რაც უიკენდზე მის შესახებ ითქვა და დაიწერა, ნახეთ აქ.

ავსტრალია | მიქელთაძის გოლი და ასისტი

კარგი თამაში ჰქონდა ავსტრალიური ნიუკასლ ჯეტსის ქართველ თავდამსხმელ ბექა მიქელთაძესაც - გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ნიუკასლმა საკუთარ მოედანზე მელბურნ ვიქტორი 2:1 დაამარცხა. ბექამ 90 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. მიქელთაძემ ანგარიში 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, 58-ე წუთზე კი მან საგოლე გადაცემაც მიითვალა - კოსტა გროზოსს გამარჯვების გოლის გატანაში ჭკვიანური პასით დაეხმარა. რაც შეეხება ნიუკასლის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს ბექა დარცმელიას, ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

ფიგურული ციგურაობა | გურგენიძის ტრიუმფი სლოვენიაში

13 წლის ქართველმა ფიგურულად მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (Dragon Trophy & Tivoli Cup), სადაც ოქროს მედალი დიდი უპირატესობით მოიპოვა. საინტერესოა, რომ გურგენიძე იუნიორთა მოკლე პროგრამის შემდეგ 53.73 ქულით მხოლოდ მე-4 იყო, თუმცა, თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 124.09 ქულა მოაგროვა, როდესაც მის უახლოეს კონკურენტს 98.41 ქულა ჰქონდა. 

ფინალური გამოსვლისას ინგამ სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის სამი – კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია სამნახევარ აქსელთან ერთად იყო, შემდეგ კი, იგივე ელემენტი კიდევ ერთხელ შეასრულა.

📋 | ინგა გურგენიძის გამოსვლა ნახეთ აქ.

კალათბურთი | შერმადინმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასი ისტორიაში მესამედ მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ესპანურ კლუბს ტიტული 2017 და 2010 წლებშიც ჰქონდა დასაკუთრებული, ახლა კი ფინალში ბრაზილიური სან პაულო 89:68 დაამარცხა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:36 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

📋 | შერმადინის გუნდის წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კალათბურთი | რა თქვა ინდიანას პრეზიდენტმა ბითაძის შესახებ

გოგა ბითაძე, რომელმაც პეისერსში 3.5 სეზონი გაატარა, ინდიანას წევრი აღარ არის. NBA-ში მიმდინარე სეზონის გაცვლების უკანასკნელ დღეს კლუბმა გოგა კიდევ ორ კალათბურთელთან ერთად გუნდიდან გაუშვა. რატომ მოხდა ასე და რა ელის უახლოეს ხანებში ბითაძეს, ამ თემაზე კომენტარი ინდიანას პრეზიდენტმა საკალთბურთო საკითხებში, კევინ პრიტჩარდმა გააკეთა, მას მერე, რაც პრესკონფერნციაზე მას ჰკითხეს, თუ რატომ "ვერ იმუშავა პროექტმა ბითაძემ".

📋 | პეისერსის პრეზიდენტის კომენტარი წაიკითხეთ აქ.

ჩოგბურთი | გორგოძის და ძალამიძის ტიტულები

ეკატერინე გორგოძემ პორტუში ITF-ის ტურნირი (საპრიზო ფონდი: 40 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში მოიგო - გორგოძე 20 წლის ესპანელ ლიერე რომეროსთან ერთად თამაშობდა. ქართულ-ესპანურმა დუეტმა ფინალში პორტუგალიელი მატილდე ჟორჟესა და ხორვატი ტარა ვურტის დუეტი დაამარცხა - 6:4, 2:6, 11:9.

29 წლის ნათელა ძალამიძე კი ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართული WTA-ს ტურნირის (საპრიზო ფონდი 225 480 ევრო) გამარჯვებული გახდა. ცხადია, საუბარია წყვილთა შეჯიბრზე, სადაც ნათელა სლოვაკ ვიკტორია კუზმოვასთან ერთად ასპარეზობდა.

📋 | ქართველი ჩოგბურთელების წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები