Thumbnail
  • ვიტალი კლიჩკო რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საკითხს გამოეხმაურა
  • კიევის მერი ათლეტებს ომის დაგმობისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კრივში ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების დაშვება ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პარიზში მხოლოდ ერთი პირობით წარმოუდგენია: თუკი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სასტიკ ომს დაგმობენ.

“რუსებს და ბელარუსებს არ უნდა შეეძლოთ ოლიმპიადაზე მონაწილეობა, თუკი ომის საწინააღმდეგო განცხადებას არ გააკეთებენ, - უთხრა კიევის მერმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, - თუკი საჯაროდ წავლენ ომის წინააღმდეგ, მაშინ ზაფხულის თამაშებზე უნდა დაუშვან, მაგრამ მათ ამის ეშინიათ.”

როგორც იცით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიური სახეობების უმეტესობის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან. 

“ორი ვარიანტია, ან ომს ემხრობი, ან წინააღმდეგი ხარ, - ამბობს 51 წლის კლიჩკო, - მოვუწოდებ სპორტსმენებს, უთხრან თავიანთ მთავრობას, შეწყვიტონ ეს უაზრო ომი.”

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ქვეყანას ბოიკოტისკენ მოუწოდა, თუკი რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვებენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) იანვრის ბოლოს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვება არ გამორიცხა.

“ძალიან გამიხარდება, თუ IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი უკრაინაში გვესტუმრება და განადგურებულ სოფლებსა და ქალაქებს ნახავს, რათა დაინახოს, რამდენი ადამიანი მოკლეს. როგორც ჩანს, რაღაცებს ვერ ხვდება.” - ესეც კლიჩკოს სიტყვებია.

პოლონეთის სპორტის მინისტრის, კამილ ბორტნიჩუკის აზრით, ოლიმპიადაზე უნდა დაუშვან ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც რუსეთის მთავრობას და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებენ. ბორტნიჩუკის აზრით, სწორედ ეს იქნება შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო კომპრომისი და გამოსავალი, რაც სხვა ქვეყნების ბოიკოტსაც გამორიცხავს.

კომენტარები

ბოლო ამბები