Thumbnail

23 წლის ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ახალგაზრდა ცენტრმა ინდიანა პეისერსში გატარებული 4 წლის შემდეგ კლუბი გამოიცვალა და NBA-ში დამკვიდრებას უკვე ორლანდო მეჯიქის მაისურით ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ევროპული კალათბურთის ამომავალ ვარსკლავად ითვლებოდა, როდესაც 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩიეს. მას ინდიანაში დიდი კონკურენცია დახვდა და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ პლანეტის უძლიერეს ლიგაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა, თუმცა, აღნიშნულში თავისი როლი პეისერსის უხეირო საკადრო პოლიტიკამაც შეიტანა.

“ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია. ძალიან ბევრი ცენტრი მივიღეთ გაცვლების შემდეგ. ჯერ კიდევ მჯერა, რომ გოგა NBA-ში კარგი კალათბურთელი იქნება. ვფიქრობ, ამ სეზონში ის ისევე დაუზარელად მუშაობდა, როგორც - წინა სეზონებში. ჩვენ ბევრი ზარი მივიღეთ გოგას შესახებ. ასე რომ, მას აუცილებლად აიყვანენ. ამაში 100 %-ით დარწმუნებული ვარ. ჩემი სურვილია, რომ მან კვლავ NBA-ში ითამაშოს. ალბათ იმიტომაც, რომ მან ინდიანაში იმდენი შანსი ვერ მიიღო, რამდენსაც იმსახურებდა”, - განაცხადა ინდიანას პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა და მისი ვარაუდი მალევე ახდა - დღეს დილით ბითაძემ კონტრაქტი ზაზა ფაჩულიას პირველ კლუბ ორლანდოსთან გააფორმა.

გოგა ბითაძემ ბოლოს ინდიანას მაისურით 21 იანვარს აარონ გორდონის დენვერის წინააღმდეგ ითამაშა

ხელშეკრულების დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა, როგორც მაიკლ სკოტო ტვიტერში წერს, საუბარია ორწლიან თანამშრომლობაზე. ამასთან, დარჩება თუ არა ქართველი ცენტრი მე-2 სეზონშიც, მეჯიქის ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ გოგამ ორლანდოს სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონოს, დიდი გარჯა მოუწევს, მით უფრო, რომ პეისერსის მსგავსად, მეჯიქშიც საკმაოდ დიდი კონკურენცია ელის.

და რა გუნდია თანამედროვე ორლანდო, რომელსაც კარგი დროება ნამდვილად არ უდგას და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონშიც პლეი ოფში გასვლას ვერ მოახერხებს. ცხადია, ბითაძის ტრანსფერის შემდეგ, ყველაზე მეტად ცენტრის პოზიცია გვაინტერესებს, სადაც ქართველ კალათბურთელს 3 კონკურენტი დახვდება.

უფრო მეტიც, ორლანდოში მე-4 ცენტრი მო ბამბაც ირიცხებოდა, რომელიც გაცვლის შედეგად ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა, არადა, მას გუნდში საშუალოდ 17.0 წუთი, 7.3 ქულა, 4.6 მოხსნა ჰქონდა. როგორც Sports Illustrated წერს, ბითაძე რეალურად მის შემცვლელად ანუ ღრმა სათადარიგო ცენტრად მიიყვანეს, თუმცა, მეჯიქის შემთხვევაში კარგი ისაა, რომ პეისერსისგან განსხვავებით, შანსი ფაქტობრივად განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს ეძლევა.

მიმდინარე სეზონში ქართველი ცენტრის საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურება: 9.6 წუთი, 3.3 ქულა, 2.3 მოხსნა

როგორც აღვნიშნეთ, ბამბას წასვლის შემდეგ, გოგას ორლანდოში 5 ნომრის პოზიციაზე 3 კონკურენტი ხვდება, რომელთაც ასევე ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვთ. სასტარტო ცენტრი ვენდელ კარტერ ჯუნიორია (საშუალოდ 30.1 წუთი, 15.1 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.6 პასი), ასევე ბევრს თამაშობენ ბოლ ბოლი (23.5 წუთი, 10.6 ქულა, 6.3 მოხსნა) და გერმანელი მორიც ვაგნერი (21.3 წუთი, 11.6 ქულა, 4.9 მოხსნა).

როგორც ხედავთ, მეჯიქის სამივე ცენტრი საშუალოდ 10 ქულაზე მეტს აგდებს, რაც იშვიათი მაჩვენებელია, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ის გახლავთ, რომ ორლანდო NBA-ს იმ არცთუ ბევრი გუნდების რიცხვშია, რომლებიც ხშირად 2 ცენტრით თამაშობენ. მაგალითისთვის, თუკი კარტერს სასტარტო შემადგენლობაში 34 მატჩი აქვს დაწყებული, ხუთეულში 32-ჯერ მოხვდა ბოლი, 14-ჯერ – ვაგნერი და სასტარტოში 6-ჯერ ხსენებულმა ბამბამაც კი ითამაშა.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ მართალია, ქართველი ლეგიონერი მეჯიქში ლამის მე-4 ცენტრად მივიდა, შანსი აუცილებლად ექნება და რიგ შემთხვევებში, მისი არც სასტარტო ხუთეულში გამოჩენაა გამორიცხული. ამას, წესით, ხელი ორლანდოს მაღლების ხშირმა ტრავმიანობამაც უნდა შეუწყოს. მაგალითისთვის, სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, კარტერს მიმდინარე სეზონში 20 მატჩი აქვს გამოტოვებული, ხოლო ვაგნერს – 21. ყველაზე სტაბილური სუდანში დაბადებული ბოლია, რომელსაც მხოლოდ ხუთ მატჩში არ უთამაშია.

ვენდელ კარტერ ჯუნიორი და მორიც ვაგნერი - მეჯიქში გოგას ძირითადი კონკურენტები ესენი იქნებიან

ერთი საინტერესო დეტალიც. მიმდინარე სეზონში მეჯიქის მაისურით 17-მა კალათბურთელმა ითამაშა და ყველა მათგანს საშუალოდ 10 წუთზე მეტი აქვს. მაგალითისთვის, იგივე გოგა, რომელიც იდეაში პეისერსში “ბოლო კალათბურთელად” სულაც არ ითვლებოდა, ამ სეზონში საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობდა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ყველანაირი გათვლებით, ბითაძეს ახალ გუნდში შანსი აუცილებლად მიეცემა და ახლა, უკვე თავად მასზეა დამოკიდებული, თავს როგორ წარმოაჩენს.

ამჟამინდელი მეჯიქის უდავო ლიდერი იტალიელი კალათბურთელი პაოლო ბანკეროა, რომელსაც საშუალოდ 20.0 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.6 პასი გააჩნია. მნიშვნელოვანი ფიგურაა მო ვაგნერის ძმა ფრანციც, რომელიც სათამაშო დროის მხრივ მხოლოდ ბანკეროს ჩამორჩება და საშუალოდ 19.1 ქულას, 4.0 მოხსნასა და 3.5 პასს აგროვებს.

ორლანდომ დღეს დილით ჩიკაგო ბულსს 100:91 სძლია (ბანკერომა და ფრანც ვაგნერმა ჯამში 40 ქულა ჩააგდეს) და 24-ე მოგება მიითვალა, თუმცა, პასივში 34 მარცხი აქვს და უკვე ცხადია, რომ მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს.

პაოლო ბანკერომ ჩიკაგოსთან დღევანდელ მატჩში 22 ქულა ჩააგდო. ის გუნდის აშკარა ლიდერია

მეჯიქს აღმოსავლეთ კონფერენციაში, სადაც 15 გუნდი თამაშობს, მე-13 ადგილი უკავია და 1 გამარჯვებით ჩამორჩება ბითაძის უკვე ყოფილ კლუბ ინდიანას. უკეთეს შემთხვევაში, ორლანდო პლეი ინში შესვლას თუ მოახერხებს, რომელსაც 2 მოგებით ჩამორჩება, თუმცა, მიზნის მისაღწევად ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

მეჯიქს რეგულარულ სეზონში 24 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, საიდანაც უახლოესი 15 თებერვალს ტორონტოში რეპტორსთან ელის და არაა გამორიცხული, ქართველი ცენტრის დებიუტი სწორედ კანადურ Scotiabank Arena-ზე ვიხილოთ. 

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს, ამ დროისთვის, NBA-ში 170 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთი საშუალო მაჩვენებლები გააჩნია: 4.8 ქულა, 2.8 მოხსნა, 0.8 პასი. უკვე გარკვეულია, რომ გოგა მეჯიქშიც 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომლითაც ბოლოს ამ გუნდში მელვინ ფრეზიე გამოდიოდა 2020 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები