Thumbnail

უკრაინელი და რუსი ფეხბურთელების მასობრივი ჩხუბი თურქეთში - არიან დაშავებულები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თურქეთში, ქალაქ ანტალიის სასტუმრო Royal Seginus-ში, ერთად დაბინავებულ უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

დაპირისპირება უკრაინის პრემიერლიგის კლუბის, უჟგოროდის მინაისა და რუსეთის მეორე ლიგის გუნდის, იაროსლავის შინიკის ფეხბურთელებს შორის მოხდა, რომლებიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფებიან. კონფლიქტის აღსაკვეთათ სასტუმროს პერსონალმა ადგილზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა,საბოლოოდ კი რუსულ გუნდს სასტუმროს დატოვება მოუხდა.

მხარეები კონფლიქტის განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ. რუსული მედიის ცნობით, უკრაინელმა ფეხბურთელებმა რუსი კოლეგებისგან უკრაინის ჰიმნის შესრულება მოითხოვეს. ამაზე რუსების პასუხი “საქმის ქუჩაში გარჩევა” იყო, თუმცა სასტუმროს თანამშრომლებმა დაპირისპირებულები ერთმანეთს დააშორეს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მინაის რამდენიმე მოთამაშე ერთ-ერთ რუს ფეხბურთელს ლიფტში შეხვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამ უკანასკნელს თანაგუნდელები გამოესარჩლნენ და კონფლიქტი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

საკუთარ ვერსიას ავრცელებს უკრაინული მედიაც, რომლის ცნობით, დაპირისპირება ნასვამი რუსი სპორტსმენის ქცევამ გამოიწვია, რომელიც სასტუმროს პერსონალს უდიერად ეპყრობოდა და ამის გამო მინაის ფეხბურთელისგან შენიშვნა მიიღო. კამათი მოგვიანებით მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გუნდის რამდენიმე მოთამაშეს ექიმების დახმარება დასჭირდა. შინიკის თავდამსხმელ ილია გრუზბოვს, სავარაუდოდ, ნეკნები აქვს გატეხილი, ხოლო ნახევარმცველ დმიტრი სამოილოვს - თითები.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალა.

კომენტარები

ბოლო ამბები