- ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალის ქაოსის დასკვნა გამოქვეყნდა
- მთავარი პასუხისმგებელი უეფაა, ლივერპულის ფანებს არაფერი დაუშავებიათ
უდიდესი ქაოსი, რომლის ფონზეც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, პირველ რიგში უეფას ბრალია - ასეთია დასკვნა დამოუკიდებელი გამოძიებისა, რომელიც სწორედ უეფას დავალებით მიმდინარეობდა. გამოკვლევის შედეგად დაწერილ განმარტებაში ვკითხულობთ, რომ “როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, უეფაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ კინაღამ კატასტროფა მოხდა.”
გეხსომებათ, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 37-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე შესვლას ვერ ახერხებდნენ და არენის მისადგომებთან სრული ქაოსი იყო. ბილეთების მქონე ფანები უდიდეს რიგებში იდგნენ, პოლიცია იძულებული გახდა, რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა.

დასკვნას მალევე გამოეხმაურა უეფას გენერალური მდივანი თეოდორე თეოდორიდისი და უეფას სახელით ბოდიში მოიხადა: “განსაკუთრებით ლივერპულის ფანებს ვუხდი ბოხდიშს იმ ამბების გამო, რაც მაშინ მატჩის წინ და მატჩის დროს გამოქვეყნდა. მაშინ სტატიებში ლივერპულის ქომაგებს უსამართლოდ აკრიტიკებდნენ.”
პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს მომხდარი ამბების გამო 238 ადამიანი დაშავდა და 105 ადამიანი დააკავეს. დაახლოებით 2700-მა ბილეთიანმა ფანმა სტადიონზე შეღწევა და ფინალზე დასწრება ვერ მოახერხა. გამოძიება ფრანგულმა მხარემაც აწარმოა და მათი დასკვნით, მთავარი პრობლემა გაყალბებულ ბილეთებს უკავშირდება. ანუ, “სტად დე ფრანსზე” ყალბი ბილეთების მქონე ადამიანებმა შეაღწიეს.

დასკვნას ლივერპულიც გამოეხმაურა. მერსისაიდულ კლუბში აცხადებენ, რომ უეფამ ყველა მითითება უნდა შეასრულოს, რაც გამოძიების შედეგად დასკვნაში დაიწერა. “ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივრები საბოლოოდ გამართლდნენ.” - ვკითხულობთ ლივერპულის განცხადებაში.
კომენტარები