Thumbnail
  • ნაპოლის სერია A-ში სეზონის 100 ქულაზე მეტით დასრულება შეუძლია
  • "აძურის" რეკორდის მოსახსნელად 16 ტურში მინიმუმ 14 მატჩის მოგება სჭირდება

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ ლუჩანო სპალეტის რჩევა მისცა. ის ნაპოლის მთავარ მწვრთნელს ურჩევს, რომ ანტონიო კონტეს დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს და აქცენტი სერია A-ში სარეკორდო რაოდენობის ქულებზე არ გააკეთოს.

საქმე ისაა, რომ ნაპოლის შანსი აქვს სერია A 100-ზე მეტი ქულით დაასრულოს. იტალიის ჩემპიონატის რეკორდი 102 ქულაა, რომლითაც "სკუდეტო" 2014 წელს იუვენტუსმა მოიგო. თუმცა, მაშინ ანტონიო კონტეს გუნდი ევროპალიგის ნახევარფინალში ბენფიკასთან დამარცხდა, იმ სეზონის ფინალს კი სწორედ იუვეს სტადიონი მასპინძლობდა. სერია A-ში ძალიან სოლიდური უპირატესობის მიუხედავად კონტემ იმ სეზონში მთელი აქცენტი სერია A-ზე გააკეთა 100-ქულიანი ბარიერის გადასალახად, ევროპალიგაზე კი შემადგენლობაში როტაციას მიმართავდა. ამიტომაც, ორდინე ფიქრობს, რომ სპალეტიმ ყურადღება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზეც უნდა გადაიტანოს.

"ჩემი აზრით, ახლა ყველაზე საინტერესოა, რამდენ ქულას დააგროვებს ნაპოლი. იმედი მაქვს, რომ სპალეტი იგივე შეცდომას არ დაუშვებს, რაც რამდენიმე წლის წინ ანტონიო კონტემ იუვენტუსში დაუშვა, როდესაც ევროპალიგის ფინალში, რომელსაც ტურინი მასპინძლობდა, ვერ გავიდა და აქცენტი სერია A-ზე გააკეთა, რომ ქულების რეკორდი დაემყარებინა. არადა, შეეძლო ტურინში ერთით მეტი ტიტული მოეგო", - თქვა ორდინემ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 22 ტურის შემდეგ 59 ქულა აქვს დაგროვებული, იუვენტუსის რეკორდის დასამხობად კი დარჩენილი 16 მატჩიდან მინიმუმ 14-ის მოგება სჭირდება (ამ შემთხვევაში 2 ფრეც დასჭირდება).

კომენტარები

ბოლო ამბები