- 'ვიცოდით, რომ მსაჯი არაფერს გვაპატიებდა, ამდენი ჯარიმა მოსაწონი ვერ იქნება'
- ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ნიდერლანდებთან და ესპანეთთან მატჩებზე ისაუბრა
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანეს და 32 ქულის სხვაობით (40:8) მოუგეს, თუმცა, როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა.
“ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და უამინდობის გამო, ბევრი რეისი გადაიდო და ამის შესახებ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. მოგვიწია ორ ეტაპად მგზავრობა. პირველ ჯგუფს აეროპორტში დიდი ხნით მოუწია ლოდინი, მეორე ჯგუფი კი იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც კაპიტნის ვარჯიში უნდა გვქონოდა. ამიტომ, ნიდერლანდებში საერთოდ ვერ ვივარჯიშეთ და გართულებულმა მგზავრობამაც დაგვატყო ხელი.
მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ტექნიკური და მატჩის მართვის კუთხით მაინც უკეთ უნდა გვეთამაშა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მისცა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის კუთხითაც, თუმცა სამიდან ორ ყვითელ ბარათში მსაჯს ვერ დავეთანხმები. და მაინც, გუნდი გაფრთხილებული იყო, რომ მსაჯი არაფერს გვაპატიებდა და ამდენი ჯარიმა მოსაწონი ვერ იქნება. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება მომდევნო თამაშში გამოგვადგება. გამოცდილების კუთხით, ასეთი მატჩები უკეთესია, ვიდრე 80 ქულის სხვაობით მოგება, თუმცა არც ამ შემთხვევაში იყო სხვაობა პატარა“.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი
ამსტერდამში მოგების შემდეგ ბორჯღალოსნები პორტუგალიაში ჩავიდნენ, სადაც ესპანეთთან ტორელავეგაში, 18 თებერვალს გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ორივე გუნდს განაღდებული აქვს პლეი ოფის საგზური, თუმცა ურთიერთშეხვედრამ უნდა გაარკვიოს ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.
“ესპანეთთან თამაშისთვის პორტუგალიაში ვემზადებით. გვქონდა ვიდეო-ანალიზი და დავაფიქსირეთ შეცდომები. შემადგენლობასთან დაკავშირებით, მწვრთნელები ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ესპანეთს, ის ძლიერი გუნდია და რომ არა დაუდევრობა, ახლა მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. მათ ყავთ ბრძოლისუნარიანი ფორვარდები და სახიფათო ბექები. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის“ – აღნიშნა მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. ტურნირში 6-ის ნაცვლად 8 ნაკრები იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ 4-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებენ. ნახევარფინალური მატჩები 4-5 მარტსაა დანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება. ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი ალაფაზე დაქვეითდება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.
კომენტარები