- 33 წლის ხორვატმა ATP-ს ტურნირზე პირველად ითამაშა და დიდი სენსაცია მოახდინა
- საინვესტიციო კომპანიის თანამშრომელმა მსოფლიოს ყოფილი მე-8 ჩოგანი დაამარცხა
გამორჩეული ამბავი მოხდა ამერიკულ დელრეი ბიჩში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 718 245 დოლარი), სადაც მასპინძელმა ჯეკ სოკმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მატია პეკოტიჩთან 6:4, 2:6, 2:6 წააგო.
30 წლის სოკი მსოფლიოს ყოფილი მე-8 ჩოგანია და მართალია, ახლა, ATP-ს რეიტინგში 143-ე ადგილზეა, 33 წლის ხორვატ ვეტერანთან აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა.
საქმე ის გახლავთ, რომ ეს უკანასკნელი კლასიფიკაციაში მხოლოდ 784-ე პოზიციაზეა და ჩოგბურთს ფაქტობრივად გასართობათღა თამაშობს, რადგანაც საინვესტიციო კომპანიის თანამშრომელია და კორტზე გასვლას თავისუფალ დროს ახერხებს.
“ცხადია, მოგებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა, არც ის მიფიქრია, რომ აუცილებლად უნდა წამეგო. რეალობას ხომ თვალი უნდა გავუსწოროთ. მსოფლიოს რეიტინგის ტოპ 10-ის ყოფილ წევრს ვეთამაშებოდი, უდიდესი გამოცდილებითა და უძლიერესი მოწოდებით. ერთხელ 215 კმ/სთ-ით ჩამიწოდა... დღეს სამსახურიდან ადრე წასვლა მომიხდა და ელექტრონულ ფოსტაზე ყველას წერილი გავუგზავნე, რომ ადგილზე არ ვიქნებოდი. კიდევ კარგი, ჩემმა ბოსმა თამაშზე გამომიშვა. რადგანაც მოვიგე, მომიწევს, მას ხვალაც იგივე ვთხოვო”, - მატჩის მერე ხორვატი ჩოგბურთელი კარგ ხასიათზე იყო და კომენტარებს ძირითადად ხუმრობით იძლეოდა, თანაც ხელებს შლიდა, ეს, რანაირად მოვახერხეო.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი პეკოტიჩის ცხოვრებიდან. ის სერბეთში დაიბადა, მალტაში გაიზარდა, აშშ-ში, პალმ ბიჩში ცხოვრობს და ხორვატიის სახელით ასპარეზობს. პირველი პროფესიონალური ტურნირი – თურქული ფიუჩერსი 2012 წელს ჩაატარა, 2015-ში მსოფლიო რეიტინგში ორასეულს მიუახლოვდა, მალევე კი ოპერაცია გადაიტანა და კორტს ხანგრძლივი პერიოდით ჩამოშორდა.
მოგვიანებით პეკოტიჩმა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში ჩააბარა და პანდემიის პერიოდში მუშაობა საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო, ახლა კი, ძალები ჩოგბურთში ერთხელაც სცადა და ეს, ძალიან წარმატებით გამოუვიდა.
ხორვატმა ჩოგბურთელმა დელრეი ბიჩში, ATP-ს რანგის ტურნირზე ძალები პირველად სცადა, კვალიფიკაციაში ამერიკელებს სტეფან კოზლოვსა და ტენის სანდგრენს მოუგო, სოკთან გამარჯვების შემდეგ კი, მერვედფინალში კიდევ ერთი მასპინძელი მარკოს ხირონი ელის.
კომენტარები