Thumbnail

საქართველოს 18 და 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს ახალი მწვრთნელები დაუნიშნეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ორ ასაკობრივ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
  • U20 ნაკრებს კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო U18 ნაკრებს ირაკლი ძიძიგური

საქართველოს კალათბურთელთა ასაკობრივ ნაკრებებს ახალი მთავარი მწვრთნელები ჰყავს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, 20-წლამდელთა ნაკრებს სუპერლიგის კლუბ ქუთაისი 2010-ის თავკაცი კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო 18-წლამდელებს გურჯაანის დელტას მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ძიძიგური გაუძღვება.

საკლუბოსთან ერთად, ორივე მწვრთნელს აქვს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება. 2018 წლიდან მოყოლებული, ძიძიგური 20-წლამდელთა ნაკრებში სერბი სპეციალისტის, მილოშ გლიგორიევიჩის ასისტენტი იყო, ხოლო ტუღუში 2016 წელს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა. ამასთან, კოტეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ტუღუში ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის შემდეგ ის 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

"რამდენიმე დღეში დაიწყება შესარჩევი კემპები, რომლებშიც ყველა იმ შესაბამისი ასაკის კალათბურთელს ვნახავთ, რომელსაც თუნდაც მცირე პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი გაზაფხულამდე გასტანს, რის შემდეგაც შევარჩევთ 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს და გენერალურ შეკრებას დავიწყებთ", - განაცხადა კოტე ტუღუშმა.

ანალოგიურად, რამდენიმე დღეში დაიწყება 18-წლამდელი მოთამაშეების შერჩევა, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ძიძიგურის განცხადებით, 60-ზე მეტ კანდიდატზე მოხდება დაკვირვება. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის ის გაფართოებული შემადგენლობები იქნება ცნობილი, რომლებიდანაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობები დაკომპლექტება.

18-წლამდელთა ნაკრებს 2023 წლის 21-30 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში მოუწევს ფიბა-ს B დივიზიონში ასპარეზობა, ხოლო 20-წლამდელები კონტინენტურ ტურნირზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები