Thumbnail
  • ბარსელონას მსაჯთა კომიტეტის ვიცე-შეფისთვის 1,4 მილიონი აქვს გადახდილი
  • კლუბი და ფუნქციონერი ამბობენ, რომ ეს რჩევებისთვის მოხდა
  • პროკურატურას კორუფციაზე აქვს ეჭვი

ბარსელონა მსაჯებზე გავლენის მოხდენაშია ეჭვმიტანილი. როგორც ირკვევა, კატალონიურმა გრანდმა მსაჯთა კომიტეტის (CTA) ვიცე-პრეზიდენტის, ჯოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას კომპანიას 2016-2018 წლებში ჯამში 1,4 მილიონი ევრო გადაურიცხა. ოფიციალური მიზეზი: საკონსულტაციო მომსახურებები, რჩევები.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ “კორუფციულ გარიგებებზე” ეჭვით გამოძიება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროკურატურამ საინფორმაციო სააგენტოებს ეს ცნობა დაუდასტურა.

ესპანური მედია წერს, რომ ბარსელონას წარმომადგენლებმაც და თვითონ ნეგრეირამაც თანხების გადარიცხვები დაადასტურეს, თუმცა კორუფციულ გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ.

ენრიკეს ნეგრეირა 1977-დან 1992 წლამდე ესპანეთის ჩემპიონატის მსაჯი იყო, 1994-დან 2018 წლამდე კი CTA-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. რადიო “კადენა სერთან” ინტერვიუში 77 წლის ნეგრეირამ განაცხადა, რომ CTA-ს ვიცე-შეფის რანგში ბარსელონას არასდროს დახმარებია. მისი თქმით, მისი კომპანია Dasniel 95 SL ბარსას ზეპირ კონსულტაციებს უწევდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფეხბურთელები მსაჯებთან.

იმ პერიოდში ბარსელონას პრეზიდენტი ბარტომეუ იყო

ბარსელონამ ხსენებულ კომპანიას 1,4 მილიონი იმ პერიოდში გადაუხადა, როცა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ იყო. ბარსას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ბარტომეუ დაიცვა - ეს იმ დროს, როცა ყოველთვის აკრიტიკებს ხოლმე.

“შემთხვევითი არ არის, რომ ეს ინფორმაცია ახლა გამოქვეყნდა - იმ დროს, როცა ბარსას საქმეები კარგად მისდის. ასეთი კონსულტაციები ყველა დიდი კლუბისთვის ნორმალურია.” - განაცხადა ლაპორტამ. თუმცა, ნეგრეირამ დაადასტურა, რომ აღნიშნულ მომსახურებას მხოლოდ ბარსელონას უწევდა. საინტერესოა ისიც, რომ 2018 წელს, როცა ნეგრეირა მსაჯთა კომიტეტიდან გავიდა, ბარსამ მისი კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები