Thumbnail

ნეაპოლურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიაში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ილაპარაკა და კვარასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს მოკლედ შეეხო. მაგალითად, დაასახელა მოტივი, რის გამოც თავის დროზე კვარას შეძენაზე მილანმა უარი თქვა, ასევე ილაპარაკა მადრიდის რეალის ინტერესსა და ნაპოლის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის დამსახურებაზე:

"ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი უბრალოდ წარმოუდგენელია! ალბათ, ცოტა გადაჭარბებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ საუკუნის ტრანსფერია, მაგრამ მსგავს ფეხბურთელში სულ რაღაც 10 მილიონი ევროს გადახდა მართლაც განსაკუთრებულია. ყველანი ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გულწრფელი აპლოდისმენტებით შევეგებოთ ნაპოლის სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის", - თქვა ლონგიმ.

შემდეგ მან მადრიდის რეალიდან სავარაუდო ინტერესზე გააკეთა კომენტარი: "თან მჯერა და თან - არ მჯერა. ფეხბურთელი ამას იმსახურებს, მაგრამ არ ვიცი, ესპანელებს სჭირდებათ თუ არა მსგავსი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე. თავის დროზე, მილანმა ის იმიტომ არ შეიძინა, რომ გუნდში ლეაო ჰყავდა".

ბრუნო ლონგი (შუაში) ალექს დელ პიეროსთან ერთად

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ხელფასი კი სეზონში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც სავარაუდოდ, 2.4 მილიონამდე გაიზრდება. მიმდინარე სეზონს ქართველი ბრწყინვალედ ატარებს: 23 მატჩში 11 გოლის გატანა, 12 საგოლე პასის გაკეთება და 3 პენალტის მოპოვება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები