Thumbnail

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა კრემონეზესთან 3:0 გამარჯვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ახლა ქართველს ძალზე სერიოზული მდევარი ჰყავს და ის მისი თანაგუნდელია...

ჩემპიონატში უკვე 9-9 გოლი და ასისტი აქვს

WhoScored-ის მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება 22 ტურის შემდეგ 7.58-ია. ეს სერია A 560 ფეხბურთელს შორის ჯერაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი ვიკტორ ოსიმენია, მას უკვე 7.57 ქულა აქვს და კვარასთან სულ რაღაც ერთი მეასედი ქულა აშორებს. კრემონეზესთან ორივემ "თავისი" გოლი გაიტანა, მაგრამ WhoScored ოსიმენის თამაში 8.2 ქულით შეაფასა (სხვათა შორის, ეს მხოლოდ მესამე საუკეთესო შეფასება იყო მატჩში), ხოლო კვარაცხელიასი - 7.8-ით (მეხუთე საუკეთესო შეფასება მატჩში). 

იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგში მესამე ადგილზე არგენტინელი პაულო დიბალაა 7.42 ქულით, რომას შემტევმაც გაიუმჯობესა ქულები წინა ტურთან შედარებით, თუმცა ლიდერებს მაინც საკმაოდ ჩამორჩება. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.58 (+0.01)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.57 (+0.04)
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.42 (+0.03)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.33 (0)
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.28 (-0.01)

საშუალოდ 7 და მეტი ქულა იტალიის ჩემპიონატში სულ 28 ფეხბურთელს აქვს. ათეულში ასევე არიან: მარიო რუი (ნაპოლი. 7.23), მატია ძაკანი (ლაციო. 7.18), ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა (ნაპოლი. 7.15), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა. 7.14) და ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. 7.14). 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 9 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა ოსიმენის (17), ლუკმანის (12) და ლაუტაროს (12) შემდეგ. 9 საგოლე პასით კი ის ერთპიროვნული ლიდერია (მილინკოვიჩ-სავიჩს 8 ასისტი აქვს). გოლი+პასი სისტემით ხვიჩაზე მეტი ქულა მხოლოდ ოსიმენს აქვს (20), შემდეგ მოდის კვარა (18) და მერე ლუკმანი (16). 

კვარაცხელია საშუალოდ 2.8-ჯერ ურტაყმას კარში, რაც მე-5 შედეგია იტალიის ჩემპიონატში (ლიდერი ოსიმენია - 3.9); ის ხუთჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (6-ჯერ მხოლოდ ლაუტარო); 1.6 მნიშვნელოვანი პასით თამაშში მე-20 პოზიციაზეა; 1.6 წარმატებული დრიბლინგით - მესამე (ლეაო და არმან ლორიენტე ოდნავ უსწრებენ - 1.7); გამჭოლი პასებით (0.2) მეხუთეა, ამ კატეგორიაში ლიდერი ანხელ დი მარიაა (0.4). 

ქართულ-ნიგერიული ტანდემი კვლავ რჩება სერია A-ს სამაგალითო წყვილად - კვარას პასებით ოსიმენმა 6 გოლი გაიტანა, წინა ტურში მათ მე-7 ვერ შემატეს მონაგარს, თუმცა ვერც მდევრებმა (მილინკოვიჩ სავიჩი-იმობილე 5) იყოჩაღეს. 

ბენზემამ გაუსწრო, დე ბრუინი ჩამოიტოვა

ევროპის TOP 5 ლიგებში ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ათეულშია, ისევ მე-9 ადგილზე (7.58). მართალია, 22 წლის ქართველს ქარიმ ბენზემამ გადაუსწრო, მაგრამ კევინ დე ბრუინმა უკან დაიხია. სამაგიეროდ, ათეულში ბელგიელის ნაცვლად ოსიმენიც შევიდა. 

ელჩესთან დუბლის შემდეგ რეიტინგში მე-10-დან მე-6 ადგილზე გადავიდა

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.39 (0)
2. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.68 (-0.05)
4. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.66 (-0.02)
5. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.65 (-0.04)

6. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.64 (+0.08)
7. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.62 (+0.01)
8. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.61 (0)
9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.58 (+0.01)
10. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.57 (+0.04)

როგორც ხედავთ, საუკეთესო ათეულში (დაახლოებით 3 ათასამდე ფეხბურთელს შორის!) მხოლოდ პარი სენ-ჟერმენსა და ნაპოლის ჰყავთ ორ-ორი წარმომადგენელი. ნეიმარი მე-3 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ბენზემას საუკეთესო წინსვლა ჰქონდა ქულებით და ადგილებითაც. ლიონელ მესის პოზიცია ურყევია, ის ერთი თავით სჯობს სხვებს. მხოლოდ არგენტინელს აქვს საშუალოდ 8 ქულაზე მეტი (თანაც საკმაოდ მეტი). ამ ათეულში ყველაზე ახალგაზრდა ხვიჩაა, ნორვეგიელი ჰაალანდი მასზე 7 თვით უფროსია. 

გავიხსენოთ, რომ ხვიჩას პასებით ვიკტორმა 6 გოლი გაიტანა. ეს საუკეთესო შედეგი იყო TOP 5 ლიგებში მესი-კილიან მბაპეს დუელთან ერთად. ახლა ლიდერთა შორის კიდევ ერთი წყვილია - კევინ დე ბრუინის პასით ჰაალანდმა მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც ამ წყვილისთვის ასევე მე-6 იყო. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) - 6
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 5

პარასკევს ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიკტორ ოსიმენს მორიგი შანსი აქვთ თავის გამოჩენის, მეტოქე სასუოლოა. 

კომენტარები

ბოლო ამბები