- ნაპოლისა და ფიორენტინას ყოფილმა თავდამსხმელმა კვარა-ოსიმენზე ისაუბრა
- 54 წლის ფრანჩესკო ბაიანოს აზრით, ქართველი ევროპაში საუკეთესო გარემარბია
- როცა სხვაობა მეასედი ქულაა - კვარაცხელია სერია A-ში პირველია, TOP 5-ში ათეულში
ნაპოლისა და ფიორენტინას ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო "ჩიჩიო" ბაიანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე აღფრთოვანებულმა ილაპარაკა და აღნიშნა, რომ 22 წლის ქართველი დღეს ევროპის საუკეთესო გარემარბია.
54 წლის ბაიანომ Radio Marte-ს ეთერში ნაპოლიზე საუბრისას არ დამალა, რომ კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი ფლორენციულ გუნდში მისი და გაბრიელ ბატისტუტას წყვილს აგონებს.

"დღეს ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში უძლიერესი გარემარბია, სხვა მსგავსი არავინ მახსენდება. ქართველი და ვიქტორ ოსიმენი ერთმანეთს მოედანზე ბრწყინვალედ უგებენ და მათ ერთმანეთის წარმატებაც ახარებთ. ასეთივე ურთიერთობა მქონდა გაბრიელ ომარ ბატისტუტასთან. როგორც მე ვამარაგებდი პასებით ფიორენტინაში ბატისტუტას, იმავეს აკეთებს დღეს კვარა ოსიმენთან მიმართებაში. თავის მხრივ, გაბრიელიც მეხმარებოდა მოედანზე და ამას სიხარულით აკეთებდა. ზუსტად იმავეს ვხედავ ნაპოლის შემტევებისგან", - აქვეყნებს იტალიური მედია ბაიანოს სიტყვებს, რომელმაც პროფესიონალური კარიერა ნაპოლიში დაიწყო, ბატისტუტასთან ერთად ფიორენტინაში კი 1992-1997 წლებში ითამაშა და იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის წყვილი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ტანდემად მიიჩნევა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. ნაპოლის ნიგერიელი ცენტრფორვარდი სერია A-ს 18 მატჩში გატანილი 17 გოლით (პლუს 4 საგოლე პასი) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, 22 წლის ქართველი შემტევი კი, რომელმაც 18 მატჩში 9-9 გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ლიგის საუკეთესო ასისტენტი.
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 59 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ნეაპოლელები, რომლებიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებასთან ახლოს არიან, უახლოეს მდევარ მილანის ინტერს 15 ქულით უსწრებენ.
ხვიჩას და ვიქტორს სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებობა სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში ექნებათ, რომელსაც ნაპოლი 17 თებერვალს, სტუმრად სასუოლოსთან გამართავს.
კომენტარები