- ესპანეთი 3:41 საქართველო
- ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მესამე მატჩიც დამაჯერებლად მოიგეს
- აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, გორგოძის რეკორდამდე 4 ლელო რჩება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა სტუმრად ტოლერავეგაში, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ერთი ტექნიკური ლელო მიითვალეს.
გერმანიასთან და ნიდერლანდებთან მოგებული მატჩების შემდეგ, საქართველომ ესპანეთსაც მარტივად აჯობა. ''ბორჯღალოსნებმა'' პირველ ტაიმში სამი ლელო დადეს და მეტოქე ერთხელ ისე დააჯარიმეს, რომ მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩათვალა. აკაკი ტაბუცაძემ 8 წუთში ორი ლელო მიითვალა და ნაკრებში ლელოების რაოდენობა 23-მდე გაზარდა. აკაკი მამუკა გორგოძეს 4 ლელოთი ჩამორჩება და ყველა დროის საუკეთესო მელელოვეობამდე 5 ლელო აკლია. საქართველომ პირველი ტაიმი 22:3 მოიგო.
ქართველმა მორაგბეემა მეორე ტაიმიც ბრწყინვალედ ჩაატარეს. ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დისკვალიფიკაციიდან დაბრუნება ლელოთი აღნიშნა, რის შემდეგაც ესპანეთი ჯერ სანდრო თოდუამ დაალელოვა და შემდეგ დავით ნინიაშვილმაც გამოიჩინა. საქართველომ უპირატესობა 38 ქულამდე გაზარდა და მატჩიც ასე დასრულდა - 3:41. საქართველომ შეხვედრის ბოლო წუთზე 13 კაცით ლელოც დადო, მაგრამ მსაჯმა ეს ლელო გააუქმა და კიდევ ერთი მორაგბე გაასინბინა. ''ბორჯღალოსნებმა'' მატჩი 12 კაცით დაასრულეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა A ჯგუფი 3 მოგებითა და 15 ქულით დაასრულა. ლევან მაისაშვილის მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში პორტუგალიასა და რუმინეთს შორის დამარცხებულს შეხვდებიან.
კომენტარები