Thumbnail
  • საიატ აბდრახმანოვმა ახსნა, რატომ დათანხმდა პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ჩხუბს
  • ყაზახის თქმით, წონაში რუსისთვის ქართველზე უფრო კომფორტული მეტოქეებიც არიან

პიოტრ იანის (16-4) მენეჯერმა საიატ აბდრახმანოვმა იუთუბ არხ Captain Hardcore-თან რუსისა და მერაბ დვალიშვილის (15-4) ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის გარდა სხვასთან ბრძოლის ვარიანტი არ ჰქონდათ, ამიტომ დათანხმდნენ "მანქანასთან" დაპირისპირებას. 

აბდრახმანოვი თვლის, რომ იანისთვის დივიზიონში დვალიშვილზე უფრო კომფორტული მეტოქეებიც არიან, თუმცა მათ მიღებულმა წინადადებამ მაინც დააკმაყოფილა. 

"შესაძლოა, ჩვენც ვფიქრობდით, რომ პიოტრისთვის უფრო მოსახერხებელი მეტოქე მარლონ ვერა იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. საქმე იმაშია, რომ UFC-ს თებერვალში საღამოს მთავარი ჩხუბის ვარიანტებს ეძებდა, იანს თებერვალში ჩხუბი არ შეეძლო. ჩიტო და კორი სანდჰეგენი თავისუფლები იყვნენ, ამიტომ ორგანიზაციამ მათი მატჩი ჩანიშნა. ამ ბრძოლის ორგანიზებისას, ისიც არ ვიცოდით, გადაწყვეტდა თუ არა პიოტრი ოქტაგონზე მარტი-აპრილში გასვლას. ხოლო, როცა მისი დაბრუნების დრო ცნობილი გახდა, მხოლოდ მერაბ დვალიშვილის არჩევანი გვქონდა. რობ ფონტი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ მას ახალგაზრდა პროსპექტთან მისცეს ჩხუბი. მერაბთან ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში, პიოტრს მინიმუმ ნახევარი წელი უნდა დაეცადა. ამის საჭიროება არ დგას, რადგან იანი კარგ ფორმაშია, ვარჯიშით სიამოვნებას ისევ იღებს. რაც მთავარია, დვალიშვილთან დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლაა და თან, 5-რაუნდიანი. ასე რომ, ცუდი შემოთავაზება არ გამოდის. 

პიოტრი დაღესტნელ მწვრთნელებთან ერთად ემზადება. ტაილანდში უამრავი მებრძოლია და სპარინგ-პარტნიორების პრობლემა არ გვაქვს. იანი მხოლოდ ჭიდაობაზე არ ვარჯიშობს, რადგან ჭიდაობაზე კონცენტრირება მეტოქისგან თავის დაცვაში დაგეხმარება, თუმცა რაუნდების მოგებაში ვერა. ამიტომ, საკუთარ ძლიერ მხარესაც უნდა დაუთმო დრო, კონტრ-შეტევებსაც და არა მხოლოდ დაცვას. შესაძლოა, პიოტრს სჭირდება დაღესტანში ჩასვლა და იქ ვარჯიში, მაგრამ ახლა ეს გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი," - განაცხადა ყაზახმა. 

პიოტრ იანი UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგი მეორე ნომერია, ერთი პოზიციით ქვემოთ არის მერაბ დვალიშვილი. ქართველისა და რუსის ჩხუბი 12 მარტს, ლას ვეგასში გაიმართება. "მანქანა" ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, მომავალ მატჩს ორგანიზაციის ქამრის მოსაპოვებლად ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები