Thumbnail

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში მაინც ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ჩოგბურთელს 'იღბლიანი წაგებულის' სტატუსი ერგო
  • მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (1 485 775 დოლარი) კვალიფიკაციაში დამარცხდა, თუმცა, ძირითად ბადეში გასვლა მაინც მოახერხა.

საქმე ის გახლავთ, რომ Qatar Exxonmobil Open 2023-ს ბოლო წამს გამოაკლდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯეკ დრეიპერი, მისი ადგილი კი სწორედ ბასილაშვილს ერგო, რადგანაც კვალიფიკაციაში პირველი განთესვით ასპარეზობდა.

უკვე ცნობილია, რომ დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში ნიკას მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იქნება, რომელმაც თამაში ასევე საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და იქ ჩინელ ჟიჟენ ჟანგსა და ჩეხ ტომას მახაჩს აჯობა.

26 წლის მიულერს ATP-ს კლასიფიკაციაში 173-ე ადგილი უკავია, კარიერის განმავლობაში კი, 142-ე პოზიციის ზემოთ არასდროს ყოფილა. 30 წლის ბასილაშვილი მას პირველად შეხვდება და თუკი აჯობა, მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპსა და ბელარუს ილია ივაშკას შორის უმჯობესს შეხვდება.

როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის კვალიფიკაციის საწყის რაუნდში თურქი ჩემ იკელი 6:3, 7:5 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადის ვერ გაუმკლავდა – 4:6, 3:6.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს კატარული ტურნირი 2021 წელს მოგებული აქვს, შარშან კი ფინალი ითამაშა. ორივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები