Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის სეზონის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ეს, მას მერე გახდა ცნობილი, რაც დღეს ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა ადგილი გადანაწილდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა A ჯგუფში სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს, ამდენად, ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს ელოდნენ. მისი ვინაობა ლისაბონში გაირკვა, სადაც პორტუგალიამ რუმინეთს დამაჯერებლად – 38:20 სძლია (მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი ეხმარებოდნენ) და პირველობა არ დაუთმო.

ამგვარად, 5 მარტს საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუხვდება, პორტუგალია კი ესპანეთს უმასპინძლებს. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, რომელიც ესპანეთშია დაგეგმილი და იქვე გათამაშდება მე-3 ადგილიც.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები