Thumbnail

ორშაბათის საკითხავი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე წარმოუდგენელია და იმედია, სულ ასე იქნება. კვარას ისევ მაგარი თამაში და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. გასული უიკენდი წარმატებული იყო ასევე ქართველი მორაგბეებისთვის, სამი ძიუდოისტისთვის, სანდრო მამუკელაშვილისთვის და იმ 9 მებრძოლისთვის, რომლებმაც GFC-ზე ჩხუბები მოიგეს.

კვარა | გადასარევი გოლი მარტივად

გასული უიკენდი ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი კარგი თამაშით დაიწყო. ნაპოლის ქართველმა ვარსკვლავმა იტალიის სერია A-ში ფენომენალური გოლი გაიტანა, ოღონდ ძალიან მარტივად, ისეთი სიმარტივით, ლეგენდებს რომ სჩვევიათ (გვარებს აღარ ჩამოვთვლით). ეს გოლი კიდევ ერთხელ მოწმობს, რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისი იყო კვარას გოლის გამოხმაურებაც იტალიაში. ყველაზე საინტერესო კომენტარი ამჯერად იტალიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, ანტონიო კასანოს ჰქონდა, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ეშინია, გრანდებმა კვარაცხელია შვეულმფრენით არ მოიტაცონ...  

რაგბი | ნახევარფინალში რუმინეთის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის სეზონის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს, მას მერე გახდა ცნობილი, რაც ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა ადგილი გადანაწილდა. 5 მარტს, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუხვდება, პორტუგალია კი ესპანეთს უმასპინძლებს. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, რომელიც ესპანეთშია დაგეგმილი და იქვე გათამაშდება მე-3 ადგილიც. შაბათს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი სტუმრად 41:3 დაამარცხა. აკაკი ტაბუცაძემ 8 წუთში ორი ლელო მიითვალა და ნაკრებში ლელოების რაოდენობა 23-მდე გაზარდა. იგი მამუკა გორგოძეს 4 ლელოთი ჩამორჩება და ყველა დროის საუკეთესო მელელოვეობამდე 5 ლელო აკლია. ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნები რეიტინგშიც დაწინაურდებიან.

📋 | უიკენდის ყველა სიახლე "ბორჯღალოსნებზე" ვრცლად ნახეთ აქ.

ძიუდო | 2 ოქრო და 1 ბრინჯაო ისრაელიდან

შაბათს ბექა ღვინიაშვილიც (-90 კგ) თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ზედიზედ ოთხი ეფექტური მოგების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. მას სულ 2:22 წუთი დასჭირდა ორი ვაზარის შესასრულებლად. საქართველოს ნაკრებმა ჯამში სამი მედალი მოიპოვა. ეს მაშინ, როცა თელ ავივის გრანდ სლემზე სულ 6-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) გახდნენ, ხოლო ლაშა ნადირაძემ (-66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე უმედლოდ დარჩნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, მიხეილ ბახბახაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.

📋 | ქართველი ძიუდოისტების გადამწყვეტი ბრძოლები ნახეთ აქ.

 კალათბურთი | მამუკელაშვილი G ლიგის ოლ სტარზე

სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ოლ სტარს იუტამ უმასპინძლა და ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 8 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი ჰქონია.

GFC | 11-დან 9 ბრძოლა ქართველებმა მოიგეს

MMA-ს მოყვარულებმა თბილისში შერეული ორთაბრძოლების მორიგი შოუ იხილეს - GFC 11 ბრძოლით დაბრუნდა. წლის პირველ ღონისძიებაზე 13-მა ქართველმა იასპარეზა. ქართველი მებრძოლების გარდა, ოქტაგონზე  აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი, ირანელი, ისრაელელი და ყირგიზი სპორტსმენები გავიდნენ. 11 დაპირისპირებიდან 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე გაიმართა, ხოლო 5 - მეინ ქარდზე, აქედან 1 ქამარზე. როგორც ანდერ, ისე მეინ ქარდზე თითო-თითო ჩხუბის გარდა ყველა ბრძოლა ქართველებმა მოიგეს.

📋 | ყველა ბრძოლის მიმოხილვა ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები